ოთხშაბათი, მარტი 12, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებიმამუკა ბახტაძე: "საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც...

მამუკა ბახტაძე: “საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს”

საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ ერთად დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაზე რთულ დაავადებებთან გამკლავება შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებულ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე – ‘’მიღწევები ელიმინაციის გზაზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ მსგავსი სახის ღონისძიება ევროპაში პირველად ტარდება და მასპინძელ ქვეყნად 53 სახელმწიფოდან სწორედ საქართველო შეირჩა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი, C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის უდავო აღიარებაა.

„2012 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოაცხადა ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა ჯანდაცვაში და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. თავიდან ბოლომდე შევცვალეთ ის საბიუჯეტო აქცენტები, რომელიც დაგვხვდა და დღეს გვაქვს ძალიან სწორად გაანალიზებული ჯანდაცვის პრიორიტეტები. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკა და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომელსაც მივაღწიეთ. ჩვენ შევიმუშავეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელმისაწვდომობა აქვს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე და ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, C ჰეპატიტი მსოფლიო საზოგადოებისთვის კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ითხოვს როგორც მთავრობების, ისე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ამ დაავადებასთან ბრძოლაში.

პრემიერმა 2015 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები გაიხსენა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის თითქმის 8% ჰეპატიტის მატარებელი იყო.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს იყო ქვეყნის წინაშე მდგარი ძალიან რთული გამოწვევა, რომელთან ბრძოლაც და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წამოწყება შესაძლებელი გახდა მეგობრების – სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის, კომპანია „გილეადის” და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით.

„დღეს ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით C ჰეპატიტით დაავადებული ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე სრულიად განკურნებულია, როდესაც, სულ ცოტა ხნის წინ, ეს დიაგნოზი საქართველოში ფაქტობრივად განაჩენს ნიშნავდა, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან ფინანსურად დამოუკიდებლად გამკლავება წარმოუდგენელი იყი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98 პროცენტია. ჩვენ არც სამომავლოდ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ ეს დაავადება და დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა პროგრამის განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, პარტნიორებსა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, ასევე ხაზი გაუსვა ჯანდაცვის საზოგადოების მიერ გაწეულ საქმიანობას და განაცხადა, რომ მიღწეული შედეგები ყველასთვის საამაყოა.

ორდღიან რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაში, რომელიც თბილისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით იმართება, სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე ევროკომისიისა და გაეროს სააგენტოების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური და სათავო ოფისების და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანია ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების დაძლევის პროცესში ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების გადახედვა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ივანიშვილმა რომ თქვა, წავალ და ოპოზიციაც მე ვიქნებიო, მაგ რეალობაში ვართ” – ზაზა ბიბილაშვილი

"ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს...

“თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით – გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!” – ხატია ბუნიათიშვილი

სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური...