გიორგი ვაშაძე იქნება საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყანას დააყენებს აღმშენებლობის გზაზე – დავით ცეკვავა

261

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრი, ექსპერტი დავით ცეკვავა, სააგენტო „პარალელთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ერთადერთია, რომელსაც აქვს ქვეყნის განვითარების გეგმა დეტალურად გაწერილი და შემუშავებული. დავით ცეკვავას განმარტებით, ექსპერტებით დაკომპლექტებულ გუნდს აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო რეგიონში ლიდერი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულთან ერთად იგი ასევე საუბრობს გიორგი ვაშაძის წარმატებულ პროექტებზე, საერთაშორისო მასშტაბით:

ბოლო ერთი წლის განმავლობაში გიორგი ვაშაძესთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში ვმუშაობდი როგორც ექსპერტი, შევიმუშავეთ ქვეყნის განვითარების ინოვაციური გეგმა, ვმუშაობდით სხვადასხვა მიმართულებებზე და ნელ-ნელა ჩემი ამ გუნდთან ინტეგრირება მოხდა. რადგან ვხედავ ერთადერთ გამოსავალს და ვხედავ ქვეყნის აღმშენებლობისთვის ერთადერთ გულანთებულ ადამიანს გიორგი ვაშაძეს, ვისაც რაღაც პროგრესული გაუკეთებია ქვეყნისთვის, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობადი ინსტიტუტი, ეს გახლავთ იუსტიციის სახლი. გიორგი ვაშაძეს ასევე წარმატებული რეფორმები და პროექტები აქვს უკრაინაში. მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში რეფორმების დაგეგმვაში და დღეს მისი პროექტები ძალიან წარმატებულია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ერთადერთია, რომელსაც აქვს ქვეყნის განვითარების გეგმა/სტრატეგია შემუშავებული და გაწერილი. არცერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას თუ მოძრაობას არ გააჩნია ასეთი კონკრეტული დეტალურად ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას გულისხმობს.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და მიზანი, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო რეგიონში ლიდერი სახელმწიფო და არა მხოლოდ რეგიონში ლიდერი, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ მსოფლიოში ვიყოთ ლიდერები სხვადასხვა პროფილით, თუნდაც ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენი გუნდი ვთავაზობთ ისეთ ინოვაციურ პროექტებს, რომელიც შეიძლება სხვა ქვეყნებისთვის იყოს ძალიან მიმზიდველი, ასევე ჩვენი მიზანია შევქმნით ინვესტიციებისათვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო.

მოგეხსენებათ ტურიზმის განვითარება დღეს ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა, ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს, ჩვენ შემოვიარეთ საქართველო და ძალიან ბევრი ადგილია განუვითარებელი, რომელიც შეიძლება ტურისტულ ცენტრად ვაქციოთ და მიმზიდველი გავხადოთ მსოფლიოსთვის “, – აცხადებს დავით ცეკვავა.

ექსპერტი დავით ცეკვავა აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლა და სახელმწიფო ოჯახურ-კლანური მეთოდით იმართება, რაც ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყნის ინტერესებთან წინააღმდეგობაშია. ექსპერტი ასევე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყანას დააყენებს აღმშენებლობის გზაზე.

როდესაც საქართველოში დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემური რეფორმები და გიორგი ვაშაძე უძღვებოდა იუსტიციისა და სამოქალაქო რეესტრში რეფორმებს, მე გახლდით ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი და შემდგომ სახელმწიფო ხაზინის უფროსის მოადგილე, ჩვენ ხშირად გვიწევდა ერთობლივად კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა პროექტებზე. შესაბამისად კარგად გვესმის რა არის აღმშენებლობა და ქვეყნის სამსახურში თავდაუზოგავი მუშაობა. დიახ, დღეს, რომ სახელმწიფო ფინანსების მართვის ყველა ინსტრუმენტი გამართულად მუშაობს ზუსტად იმ დასავლური სტანდარტების ინსტიტუციური რეფორმების შედეგია, რომლებიც იმ წლებში განხორციელდა. ამ რეფორმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ უამრავი და უაზრო ბიუროკრატიული რეგულაციების გაუქმდა და განხორციელდა მართვის პროცესებში გამჭვირვალობის მექანიზმების დანერგვა, საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემების მეშვეობით, როგორიცაა გადამხდელის პორტალი, ელექტრონული ბიუჯეტი, ელექტრონული ხაზინა და აშ.

2003-2004 წლებში შევისწავლეთ ევროპული ქვეყნების და პირველ რიგში პრიბალტიკის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და ამის გათვალისწინებით განხორციელდა არა მარტო ხსენებული, არამედ უამრავი სხვა რეფორმა, რომლებმაც მათ შორის გახადა საქართველო მსოფლიოში აღიარებული წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა.

ვიცით რა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ქვეყანაში წარმატებული რეფორმა, ამიტომაც მჯერა, რომ გიორგი ვაშაძე იქნება საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყანას დააყენებს აღმშენებლობის გზაზე.

სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლა, სახელმწიფო მართვა გადავიდა ოჯახურ-კლანურ-ოლიგარქიულ მმართველობაზე, რაც ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყნის ინტერესებს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ინსტიტუტები ისე მყარად იყო აწყობილი, რომ მისი მოშლა ამ ხელისუფლებამ მაინც ვერ მოახერხა ბოლომდე, მაგალითად იუსტიციის სახლის მუშაობის პროცესი, იგივე საჯარო ფინანსების მართვის ინსტრუმენტები, საპატრულო პოლიცია და უამრავი სხვა.

როგორც უკვე აღვნიშნე, გიორგი ვაშაძესთან მაკავშირებს მრავალწლიანი მეგობრობა და მაქვს საქმიანი ურთიერთობის გამოცდილება. წლების განმავლობაში ვხედავდი, თუ როგორი მიზანდასახული, ინოვაციებსა თუ რეფორმებზე ორიენტირებული მენეჯერი იყო. არაერთი წარმატებული პროექტი განუხორციელებია მას საქართველოში თუ ქვეყნის გარეთ. უმნიშვნელოვანესი იდეები, შეთავაზებები, აქტივობები ჰქონდა “სტრატეგია აღმაშენებლის” ფორმატშიც, რამაც საზოგადოების ფართო ფენების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ამიტომაც მჯერა, რომ მას და მის გამოცდილ პროფესიონალების გუნდს შესწევს უნარი ქვეყანა აღმშენებლობის გზაზე დააყენოს და საბოლოოდ დაამარცხოს სიღარიბე,“ – განაცხადა დავით ცეკვავამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები