ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ერთ მხარეს ვარ მე, ხოლო მეორე მხარეს ჩემი ძმები, ნათესავები და ახლობლები – დავით ცეკვავა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრებ ახლობლებზე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრი, ექსპერტი დავით ცეკვავა, რომელიც რუსეთის მიერ მიტაცებულ, ოკუპირებული აფხაზეთიდანაა, სააგენტო ,,პარალელთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ემოციურად იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე თავისი მიწა-წყლის ისტორიას და სამწუხარო უსამართლობად მიიჩნევს ხელისუფლების მიერ ოკუპაციის საწყისად და გამომწვევ მიზეზად ჩვენი ქვეყნის მიჩნევას და ეს იმის ფონზე, როცა საქართველოს ტერიტორიების მითვისების ისტორია მრავალი წლის წინ იღებს სათავეს. დავით ცეკვავა ხაზს უსვამს ხელისუფლების არაფრისმომცემ განცხადებებს, რომლებიც უპერსპექტივო გამოდგა ქართველ და აფხაზ, მოძმე ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღვივებაში:

,,სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება, ოკუპანტი ქვეყნის მსგავსად ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ასახელებს და არა 7 აგვისტოს. მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს მოხდა პირველი შეტაკება და მაგ დროისთვის საქართველოში უკვე იმყოფებოდა რუსული ჯარი. სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის ოკუპაციის ათვლის წერტილად 2008 წელს ასახელებს და ამ პროცესის დაწყებას საქართველოს სახელს მიაწერს, როცა ოკუპაცია დაწყებულია მრავალი წლის წინ და მთლიანად საქართველო თუ ცალკეული რეგიონები ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან უკვე ათწლეულების განმავლობაში.

მე პირადად გახლავართ აფხაზეთიდან. ჩემი ოჯახი ცხოვრობდა აფხაზეთში. დედაჩემი არის აფხაზი და მე ნახევრად აფხაზი, შესაბამისად ჩემთვის ეს საკითხი უფრო რთული და მძიმეა. ერთ მხარეს ვარ მე, ხოლო მეორე მხარეს ჩემი ძმები, ნათესავები და ახლობლები. ისინი ცხოვრობენ აფხაზეთში და უკვე 23 წელია საერთოდ არ შევხვედრილვართ ერთმანეთს.

დღესდღეობით ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აფხაზების პრობლემა მოგვარდეს და ოკუპირებულ აფხაზეთში არ ეგონოთ, რომ ქართველები მათ მიმართ გულგრილები არიან. არანაირი ნაბიჯი არ არის გადადგმული ურთიერთობის დალაგების კუთხით და რაღაც არაფრისმომცემი განცხადებების გარდა არაფერი კეთდება.

მარტივი მაგალითი: მოძმე ერს შორის შერიგებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა აფხაზეთის საზღვარზე პატარა სავაჭრო ცენტრის გახსნა, სადაც მოხდებოდა აფხაზი და ქართველი ხალხის გასაყიდი პროდუქციის რეალიზება, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე არაფერი გაკეთებულა. იქაურობა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და უყურადღებოდაა მიტოვებული“, – განაცხადა დავით ცეკვავამ.

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრი აცხადებს, რომ მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა და მიზანი, მოძმე ერებს შორის პოზიტიური ურთიერთობის აღდგენაა, რომლის მოგვარებასაც აფხაზებისთვის ინფრასტრუქტურული იდეების შეთავაზებით და შემდეგ განხორციელებით აპირებს. დავით ცეკვავა, ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის პრობლემებზეც საუბრობს და განმარტავს თუ რამდენად უყურადღებოა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება აფხაზი ხალხის მიმართ:

,,სტრატეგია აღმაშენებლის” მიზანია, რომ ჯერ დავიბრუნოთ აფხაზი და ოსი ხალხი და შემდეგ აფხაზეთი და ოსეთი. ჩვენი გუნდის ინიციატივაა ყოველ წელს ბიუჯეტში რამდენიმე ასეული მილიონი ლარის გამოყოფა აფხაზეთისა და ოსეთის ინფრასტრუქტურული პროექტების განსავითარებლად. მათ შევთავაზებთ იუსტიციის სახლების პროექტებს, საპატრულო პოლიციისა და ჯანდაცვის მიმართულებით რეფორმებს და შემდეგ ჩვენვე დავაფინანსებთ მათ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ასევე საქართველოში აფხაზეთიდან და ოსეთიდან არცერთი იძულებით დევნილი მოსახლეობა არ უნდა იყოს უსახლკაროდ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აფხაზი მოქალაქეები ამას აღიქვამენ, როგორც მეგობრულად გაწვდილ ხელს და არა როგორც პოპულისტურ ნაბიჯს.

აფხაზეთში მედიცინა ძალიან დაბალ დონეზეა, მახსოვს ჩემი მეგობარი ჩამოვიდა აფხაზეთიდან, მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და დაფინანსების მოსაპოვებლად დასჭირდა თვეზე მეტი, როცა ადრე 2-3 დღე იყო საჭირო. საბოლოოდ ჩვენ მეგობრებმა დავუფინანსეთ ოპერაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ხელისუფლება აფხაზებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს. იმისთვის, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და ოსეთი საჭიროა უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა მათ მიმართ, რაც იქნება მაქსიმალურად ოპერატიული და ზედმეტი ბიუროკრატიების გარეშე.

ასევე მსურს ვისაუბრო ჩვენს ვეტერანებზე, რომლებიც დავიწყებული ჰყავს ხელისუფლებას. ახალგაზრდები, რომლებიც გმირულად შეეწირნენ ომს, მათ ოჯახებს არ აქვთ არანაირი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. ისინი უნდა იყვნენ სათანადოდ დაფასებული და მხოლოდ მადლობის გადახდით არ უნდა შემოიფარგლოს ხელისუფლება. საქართველოზე ომის დაწყების დაბრალება, დაღუპული გმირებისა და ვეტერინარების შეურაცხყოფაა,”– აღნიშნა დავით ცეკვავამ.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული