შაბათი, აპრილი 20, 2024

გიორგი რურუას არ შევიწყალებ – სალომე ზურაბიშვილი

როგორც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის განმარტებით, სამი თვის წინ მიიღო რთული და მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, რომლის გამეორებასაც აღარ აპირებს:

სამი თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული, საზოგადოების ნაწილისთვის ძნელად გასაგები ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი. ეს ადამიანები მათი პრეტენზიის მიუხედავად, იყვნენ არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები და შევიწყალე. ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან და ეს ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩავთვალე, რომ ეს ნაბიჯი გზას გაუხსნიდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის რეფორმას, იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე, დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც არც არჩევნები სურთ და არც ქვეყნის წარმატება. დღეს მე ამას არ გავიმეორებ.

ჩემ წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ – მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე უფრო კარგად ქართველმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე, ისიც იცის, რომ ჩემ გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას.

დღეს მნიშვნელოვანია, ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ. ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამ გზას არ გადავუხვევ“, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული