შაბათი, აპრილი 20, 2024

მჯერა, რომ გიორგი ვაშაძეთან და “სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად ჩვენ შევძლებთ დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპები, რომელიც გამეფებულია ქართულ პოლიტიკაში – თეონა აქუბარდია

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი, თეონა აქუბარდია ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს შეურთდა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელი იყო ქვეყანაში არსებული უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად. მისივე თქმით, გიორგი ვაშაძის გუნდს აქვს სწორედ ის კონკრეტული ხედვა და სტრატეგია, რომელიც საქართველოს იხსნის იმ უიმედობისა და ნიჰილიზმისგან, რაც მოსახლეობას მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის შემდგომ არ გამოუცდია. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს ექსპერტმა პოლიტიკაში მოსვლის მზაობა გამოხატა:

,,პირველად ვარ ამ ფორმატში, როცა არ ვარ სპეციალისტი, არამედ შემოვდივარ პოლიტიკაში და ეს გადაწყვეტილება არ იყო იოლად მისაღები, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ქვეყანაში არ არის არც უსაფრთხოება, არც სტაბილურობა და არც კეთილდღეობა, ქვეყანაში ვხედავთ შექმნილ მძიმე პრობლემებს დემოკრატიის კუთხით, დასავლეთის მკაცრ კრიტიკას, რომელიც არ გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის მმართველობის შემდგომ და ვხედავთ იმ უიმედობას და ნიჰილიზმს, რომელიც გამეფებულია საზოგადოებაში, არ მქონდა უფლება, რომ არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება და არ შემოვერთებოდი ამ გუნდს.

გიორგი ვაშაძესთან ერთად ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ფარგლებში, როგორც ექსპერტმა 1 წელი ვიმუშავე და სწორედ ამ 1 წლის დაკვირვების განმავლობაში მივიღე პოლიტიკაში მოსვლისა და ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდში ჩართვის გადაწყვეტილება.

,,სტრატეგია აღმაშენებელი” და გიორგი ვაშაძის გუნდი, არ არის მხოლოდ და მხოლოდ დაპირება, ეს არის კონკრეტული ხედვა, კონკრეტული სტრატეგია, ეს არის ის ახალგაზრდული ენერგია, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ეს არის სწორედ ის გუნდი, რომელიც შეძლებს იმ უიმედობის და ნიჰილიზმის დამსხვრევას, რომელიც დღეს არის გამეფებული საზოგადოებაში. ამით გაჩნდება ის ალტერნატივა, რაც ქვეყანას სჭირდება.

ვფიქრობ და მჯერა, რომ გიორგი ვაშაძესთან და ,,სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად ჩვენ შევძლებთ დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპები, რომელიც გამეფებულია ქართულ პოლიტიკაში და რეალურად შევცვალოთ ქვეყანა იმისთვის, რომ ჰქონდეს მომავლის იმედი და წავიყვანოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული