პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ჩვენი ამომრჩეველია თაღლითი პოლიტიკოსებისგან გაძარცვული საქართველო” – თაკო ჩარკვიანი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე თაკო ჩარკვიანმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძის სახელს მხოლოდ წარმატებული რეფორმები უკავშირდება. თაკო ჩარკვიანის თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას 8 წელია წრეზე ატარებს და სწორედ გიორგი ვაშაძეა ის ადამიანი, რომელსაც მომავალი უნდა ვანდოთ:

როგორ ფრთხილადაც მე გამოვიარე ახლა ამ ბილიკზე, ასე ფრთხილად და მიზანმიმართულად მივიყვანოთ ეს ქვეყანა ბოლომდე. ქუჩაში რომ გავიდეთ, ყველა, ოპონენტებიც კი, გვკითხავენ – „რა გვეშველება?“ „რა ვქნათ?“ ისეთი სიღარიბე და გასაჭირია, ეს კითხვები არავის არ აძინებს. ქვეყანა კრიზისიდანაა გამოსაყვანი და ვფიქრობ, დღეს ამან შეგვკრიბა.

ჩვენი გაერთიანება ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე მოხდა. უბრალოდ ვიფიქრეთ, რა გვჭირდებოდა – ესაა ახალი, სახელმწიფოებრივად, ეკონომიკურად აშენებული ქვეყანა, რომელიც უბრალოდ არ გვაქვს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ თავზე ჩამოგვამსხვრია.

ყველა განვიცდით, რომ ლამაზი ბუნება გვაქვს, დიდი ლიტერატურა, მწერლობა, ნიჭი, ფოლკლორი, ლამაზი ხალხი, მემატიანეც კი ამბობს: „ახოვანნი, ტანადნი, ლამაზნი.“ კიდევ აქ ტირეა, რომელსაც არ გავაგრძელებ, იმიტომ ვართ აქ შეკრებილები, რომ ეს ტირე არ არსებობდეს. ჩვენ ვართ ლამაზნი, ახოვანნი, ტანადნი და გვაკლია ერთ რამ: 30 წელია ვიღაც ნათაღლითარი პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანას წრეზე ატარებენ და ვერაფრით ვერ მოვერიეთ. ვინ ვართ, რომ ვერ მოვერიეთ?! ჩვენ ხომ ნიჭიერი ხალხი ვართ?!

მე დავინახე ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი. რამდენჯერ გამარჯობა ვუთხარი, იმდენჯერ „პროექტიო“ – მიპასუხა. მივხვდი, რომ ეს ადამიანი არის მომართული იმისათვის, რომ რაღაც გააკეთოს.

მსურს, სახელმწიფო ინსტიტუციების რეფორმებით შენება გავიხსენო. მე არ ვკარგავ ობიექტურობას, მაგრამ 8 წელია თავზე ჩამოგვემსხვრა არათუ ოცნება, არამედ სახელმწიფო ინსტიტუციები.

მომავალი თაობა რომ გაგეზარდოს, უნდა მისცე განათლება. განათლება რომ მისცე გჭირდება სახსრები. სახსრები ვერ გექნება, თუ არ გაქვს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა რომ გქონდეს, არ უნდა იყოს კორუფცია. კორუფცია რომ არ იყოს, ქვეყანაში უნდა ბატონობდეს კანონი და სამართალი, რომელიც არ არის და ჩვენს შვილებს და მომავალ თაობას გვინადგურებს.

ჩვენ მრავალხმიანი ხალხი ვართ, ამიტომაც ვთქვით რომ ეს მრავალხმიანობისა და მრავალფეროვნების შეკრებაა, ამიტომ ხმები იმ ხალხისა, რომელსაც არ სურს პოლარიზებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, არ გავაჩუქოთ, არ დავფანტოთ და მივიტანოთ საკანონმდებლო ორგანომდე.

ერთხელ მკითხეს – „ვინ არის თქვენი ამომრჩეველი?“ – ჩვენი ამომრჩეველია თაღლითი პოლიტიკოსებისგან გაძარცვული საქართველო.

საქართველოს სჭირდება ახალგაზრდა ადამიანი. მიზანმიმართულად, ამოჩემებით, ეს ქვეყანა ფეხზე რომ დააყენოს. მე არ მინახავს მსგავსი პრაქტიკოსი, რეფორმატორი რომელმაც უკვე გვაჩვენა, რა ტიპის რეფორმები გაატარა ყოფილი ხელისუფლების დროს.

ის ადამიანიც მინდა აღვნიშნო, რომელმაც მისცა მას საშუალება, რომ რეფორმები გაეკეთებინა, რადგან ამასაც დიდი ნიჭი სჭირდება. მე მიხარია, რომ 2018 წელსაც, ამ ადამიანმა თქვა, რომ გიორგი ვაშაძე, სავარაუდოდ, კარგი პრემიერი იქნებოდა. შემთხვევითი არაფერი არ ხდება. როდესაც ადამიანი გამოცდილი გყავს რეფორმებში, შენ მას თამამად ასახელებ.

ყველამ ერთად დაინახა, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც უნდა ვენდოთ. მე მგონია, რომ მან, როგორც ახალგაზრდა ადამიანმა, ახალი სტილი თავად უნდა შემოიტანოს და წარსდგეს თქვენ წინაშე არა როგორც პრემიერი,არამედ – რეფორმატორი და საქართველოს აღმშენებლობის მოსურნე,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული