შაბათი, აპრილი 20, 2024

30 ივლისიდან, სატრანსპორტო სამუშაოების გამო, ჭავჭავაძის გამზირი 3 ღამის განმავლობაში იკეტება – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და განმარტა, რომ სატრანსპორტო სამუშაოები მალე დასრულდება და 30 ივლისიდან, 3 ღამის განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირი დაიკეტება და მძღოლები სატესტო რეჟიმში იმოძრავებენ, თბილისის მერია კი მათ ყველანაირ დახმარებას გაუწევს:

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, უნდა ვთქვათ, რომ იმის გაგრძელება, რაც დღეს დედაქალაქში ხდება, არის შეუძლებელი. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა წამოვიწყეთ, საზოგადოებას ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და ხედვა წარვუდგინეთ, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში და ვაჩვენეთ, რა მიმართულებით მივდივართ და რის გაკეთებას ვაპირებთ.

მოგეხსენებათ, რომ სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, მხედველობაში მაქვს დახაზვითი სამუშაოები. თუ ამინდებმა ხელი არ შეგვიშალა, ეს პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება.

30 ივლისიდან 3 ღამის განმავლობაში, ღამის 12 საათიდან დილის 4 საათამდე, ვარაზისხევიდან წერეთლისა და თამარაშვილის ქუჩებამდე, ჭავჭავაძის გამზირი დაიკეტება, რათა ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატესტო რეჟიმში მოძრაობა დაიწყოს და მძღოლებმა ეს მონაკვეთი გაიარონ.

პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში, დახაზვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის დახმარებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა უკვე ახალი სქემით დაიწყება. რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება ადაპტაციის პერიოდი. ამ მიმართულებით მძღოლებს ყველანაირად დავეხმარებით.

მსურს განვმარტო, რომ ჩვენ ამ პროექტის განმავლობაში არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირი. ჭავჭავაძე, ფალიაშვილი და აბაშიძე ეს არის ერთი დიდი კლასტერი და როდესაც ხდებოდა სქემების დამუშავება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადანაწილება, ყველაფერი გავთვალეთ ისე, რომ გადაადგილება მომხდარიყო უპრობლემოდ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი
ეკა ქაჩლიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული