სამშაბათი, აპრილი 23, 2024

ყველას ვინც ბრაზობთ ჩემზე და თბილისის მერიაზე, ვინც აგრესიას გამოხატავთ, განგიმარტავთ რაში მდგომარეობს თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის არსი – ირაკლი ხმალაძე

თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის არსს განმარტავს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად, ინდივიდუალური ტრანსპორტით ყოველდღიური სარგებლობის შემცირების აუცილებლობაზე აკეთებს ხაზგასმას დედაქალაქის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე:

ყველას ვინც ბრაზობთ ჩემზე და თბილისის მერიაზე, ყველას ვინც ლოგიკა ვერ დაიჭირეთ თუ რატო ვიქცევით ასე, ვისაც არ გჯერათ რომ სწორია ის რასაც ვსაუბრობთ და ვაკეთებთ, ასევე მათ ვინც აგრესიას გამოხატავთ, მოკლედ განგიმარტავთ რაში მდგომარეობს თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის არსი.

პირველ რიგში, მეც ვარ რიგითი მოქალაქე და შემდეგ დროებით სახელმწიფო მოხელე, შესაბამისად ყველაფერი ის რასაც აკეთებს მუნიციპალიტეტი თქვენთან ერთად მეხება მეც, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს და მერწმუნეთ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას, პირველ რიგში მოქალაქის თვალით ვაფასებთ და ვიღებთ.

ფაქტია, რეფორმირების გარეშე სატრანსპორტო სისტემა ვეღარ გაძლებს, ქალაქი ვერ დაიტევს მანქანების იმ ნაკადს, რომლის იმპორტირებაც ყოველწლიურად ხდება. ფაქტია ისიც, არავის გვემეტება ეს ქალაქი მუდმივი საცობებისთვის და არავის გვემეტება ჩვენი შვილები ამ გამონაბოლქვით მოწამვლისთვის.

შესაბამისად გამოსავალი უნდა მოინახოს, გამოსავალი კი ერთადერთია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ინდივიდუალური ტრანსპორტით ყოველდღიური სარგებლობის შემცირება.

ეს არ არის ჩემი მოგონილი, ეს არის გზა რომელიც განვითარებულმა ქალაქებმა გაიარეს და სამწუხაროდ სხვა გზა არ არსებობს. რაც უფრო ფართო იქნება გზა, რაც უფრო იაფი და კომფორტული იქნება პარკირება, მით უფრო მეტი იქნება ავტომობილი, საცობი და გამონაბოლქვი, ეს მსოფლიო გამოცდილებით დადასტურებული ფაქტია.

ვისაც ჭირდება საკუთარი ავტომობილით მგზავრობა იმგზავროს, არავინ უშლის.

მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არ და ვერ იქნება ინდივიდუალური ტრანსპორტის ხელშეწყობაზე ორიენტირებული და ამას ნუ მოგვთხოვთ, რადგან ეს ამ ქალაქის განვითარების ინტერესების ღალატია.

ჩვენ ვცდილობთ და ვეცდებით გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება და შემცირდეს კერძო მანქანების მოხმარება და ეს იმის ხარჯზე, რომ გაცილებით კომფორტული გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა ეს არ ნიშნავს კერძო მანქანების აკრძალვას, უბრალოდ კერძო ავტომობილებით გადაადგილების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტი არ არის და ვერც იქნება, რადგან ეს ქალაქის განვითარების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ივლიან თუ არა მაინც კერძო მანქანები ეს გაღელვებთ? რა თქმა უნდა ივლიან და იარეთ თქვენც:), ჩვენ მხოლოდ იმას ვეცდებით, რომ თქვენთვისაც უფრო კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგავრობა, ვიდრე კერძო ავტომობილით. სხვა არაფერი!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირაკლი ხმალაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული