ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

31 ოქტომბერს ერთად დიდი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, დავამარცხოთ ის უბედური კლანი, რომელიც აზის საქართველოს და გვაღარიბებს თითოეულ ჩვენგანს – გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისა, 8 მარტის შეთანხმების კიდევ ერთი ნაწილია შესასრულებელი – გიორგი რურუას გათავისუფლება, საქართველო არჩევნებს უნდა შეხვდეს პოლიტპატიმრის გარეშე. მართველი პარტიის ოპონენტმა, ასევე მიულოცა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება, რაც მისი თქმით საერთო ძალისხმევამ – ოპოზიციის ერთიანობამ, საერთაშორისო მხარდაჭერამ და საზოგადოების აქტიურობამ მოიტანა:

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ – ჩვენი საერთო ძალისხმევით კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია. ეს გამარჯვება მოგვიტანა სამმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა: პირველი, ეს არის საზოგადოებრივი აზრის ერთიანობა და წნეხი „ქართულ ოცნებაზე“, მეორე ეს არის ოპოზიციის ერთიანობა, ერთიანი ფრონტი, რომელიც ჩვენ გავხსენით და მესამე, ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ქართული დემოკრატიისთვის, რომელთაც დაინახეს, რომ 14 ნოემბერს ის დიდი ტყუილი, რომელიც ივანიშვილმა და ქართულმა ხელისუფლებამ აკადრა საქართველოს მოსახლეობას, არ უნდა გასულიყო იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს დემოკრატიული განვითარება გაეგრძელებინა.

მახსოვს ნოემბერი და დეკემბერი, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ არაფერი შეიცვლებოდა. მაგრამ ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში როგორ აძლევენ ხმებს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

სწორედ მშვიდობიანმა პროტესტმა მიგვიყვანა ჩვენ 8 მარტის შეთანხმებამდე. შეთანხმების კიდევ ერთი საკითხი დარჩა შესასრულებელი, – გიორგი რურუას გათავისუფლება. ბევრს, შესაძლოა, მოგწონთ ან არ მოგწონთ ეს პიროვნება, მაგრამ, მთავარია, რომ საქართველო არჩევნებს უნდა შეხვდეს ყველა პოლიტპატიმრის გარეშე, ამიტომ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ურყევი და ერთიანი, რათა ეს ყველაფერი მივიყვანოთ ბოლომდე.

მინდა თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ ნიშნავს, რომ უნდა მოვეშვათ, ჩვენ 31 ოქტომბერს თქვენთან ერთად ძალიან დიდი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, დავამარცხოთ ის უბედური კლანი, რომელიც აზის საქართველოს, რომელიც გვაღარიბებს თითოეულ ჩვენგანს. ამისთვის აუცილებელია, რომ ოდირის რეკომენდაციით, ყველა საკანონმდებლო ცვლილება იყოს მიღებული საარჩევნო კოდექსში, რომ აღარ განმეორდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ კანონდარღვევებით, მასობრივი ძალადობით, ფაქტობრივად წაგვართვა არჩევანი.

მე ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, თქვენ ძალიან კარგად იცით, საერთაშორისო საზოგადოების განწყობა, თქვენ კარგად იცით, რომ ოპოზიცია ერთიანია ამაში და იცით, საქართველოს მოსახლეობის განწყობა, ხელი ნუ წაგიცდებათ და ნუ გადახვალთ ისევ ტყუილებზე. უნდა გაემზადოთ ოპოზიციაში გადასვლისთვის, იმიტომ, რომ 8 წლის განმავლობაში ერთადერთი რაც გააკეთეთ, წაგვართვით განვითარების პერსპექტივა. ჩვენ ამას ვეღარ შევეგუებით, როგორც აქამდე, ერთიანი ფრონტით, მოვიტანთ გამარჯვებას“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული