ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

პარლამენტმა, დღეს, 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

პარლამენტის 85 წევრის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი ახლებურად არეგულირებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროებით წესს.

კონსტიტუციური კანონის პროექტი რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა, რომლის თქმითაც, მე-9 მოწვევის პარლამენტმა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა გაატარა.

„ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლითაც დადგინდა ევროპული ტიპის კლასიკური საპარლამენტო მმართველობის სისტემა და სწორედ ამ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ახალი რედაქცია უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში ცვლილებების შეტანას, სადაც საუბარია ერთჯერად რეგულაციაზე, რომელიც იმოქმედებს შემდეგი მოწვევის პარლამენტის ასარჩევად და ერთჯერადად არის დადგენილი შერეული საარჩევნო სისტემა ახალი პროპორციით, ახალი გადანაწილებით – 120/30-ზე.

კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად:

  • არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით;
  • პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი განისაზღვრება 1 პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე;
  • იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება, კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში მათ მიერვე პროპორციული წესით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამით. აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%-ზე ნაკლებს მიიღებს;
  • ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს;
  • კანონპროექტი უშუალოდ ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით;

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, თბილისში შექმნილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, აღმოსავლეთ საქართველოში – 10, ხოლო დასავლეთ საქართველოში – 12.

„არსებითად, ოლქების გადანაწილება ეფუძნება ევროპის საბჭოს რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც, გადახრა, როგორც წესი, არ უდნა აღემატებოდეს 15%-ს საშუალო მაჩვენებლიდან. გამონაკლისი შეიძლება იყოს გათვალისწინებული მაღალმთიანი რეგიონებისთვის და ასევე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ოლქებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პროექტის თანახმად, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომლის მხარდაჭერა დადასტურებული იქნება არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით. ამასთან, 5000 ხელმოწერის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდება:

  • ყველა კვალიფიციური პარტია;
  • ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან ბლოკურად მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში და მან/შესაბამისმა ბლოკმა პროპორციული წესით 15000 ხმა მაინც მიიღო;
  • ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო;

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, თუ 2024 წლამდე ჩატარდება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, მაშინ იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა.

„თუ 2024 წლამდე ჩატარდება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, ამ შემთხვევაში პარლამენტი აირჩევა არა ოთხი წლის ვადით, არამედ ამაზე მცირე ვადით, კერძოდ, პარლამენტს უფლებამოსილების ვადა გაუვა 2024 წლის ოქტომბერში“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული