სამშაბათი, აპრილი 23, 2024

უნივერსალური სამედიცინო ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

ყოფილი ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს, ცენტრში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებენ:

“უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი) განცხადება

პირველი საკითხი:

ჩვენ ვთავაზობთ დირექტორს გადადგეს საკუთარი ნებით.

საფუძველი:

შემდეგ კითხვებზე

  • ვინ არიან დონორები?
  • არის თუ არა აღდგენის პროექტი?
  • რა მოელის არსებულ რადიაქტიურ მასალებს?

მან გასცა ერთნაირი პასუხი – არ ვიცი.

ეს კითხვები არის მომავალი განვითარების საკითხი და პიროვნებამ, რომელიც პასუხისმგებელია ამ მომავალზე არ იცის არაფერი, ამდენად, იგი ვერ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

 

მეორე საკითხი:

უნდა დავუბრუნდეთ ბოლო კითხვას – რა მოელის არსებულ რადიაქტიურ მასალებს?

აღსანიშნავია, რომ ეს მასალები არ წარმოადგენენ საფრთხეს, თუ ისინი დაცულ გარემოში არიან. დაცული გარემო უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე დაცული ადგილი. მაგრამ, თუ თანამდებობის პირმა, რომელიც პასუხისმგებელია ამ გარემოზე არ იცის რა მოელის ამ მასალებს, ამ განცხადებას, ავტომატურად გადაჰყავს საკითხი საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის შეფასებებში და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან ასეთი განცხადება მკვეთრად ამცირებს გარემოს უსაფრთხოებას.

 

მესამე საკითხი:

კანონის თანახმად ა(ა)იპი იქმნება საზოგადოებრივი საჭიროებისთვის და უნდა ჰქონდეს იდეალური მიზანი, რაც ხელმძღვანელობამ ვერ წარმოადგინა. ეს ნიშნავს, რომ მომავალი არის აბსოლუტურად გაურკვეველი. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი ე.წ. (ვინაიდან ჩვენ არ ვიცით ვინ არიან) დონორების დასაბუთებული პოზიცია, რომელიც გამაგრებული იქნებოდა რაიმე საპროექტო წინადადებით მაინც, იმის თაობაზე, რომ ცენტრი უნდა დაიხუროს რემონტის პროცესში. თვით კერძო სტრუქტურამ, ჩინელებმა, არ დახურეს მთლიანად ცენტრი არა იმიტომ, რომ მოგება ენახათ (ერთ ლარად მიაქირავეს შპსს), არამედ იმიტომ, რომ უმუშევრობა არ გაეზარდათ და შეენარჩუნებინათ ინტელექტური პოტენციალი. ჩვენ კი გვთავაზობენ რომ გაურკვეველი ვადით (მათი განცხადებით) უმუშევრად დავტოვოთ 240-ზე მეტი ადამიანი. და ეს მაშინ, როდესაც პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობის პრიორიტეტი არის „ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა“. ასეთი მიდგომა გვაფიქრებინებს მთავრობის ქვედა დონის ჩინოვნიკების მხრიდან მთავრობის ძირითადი პოლიტიკური ხაზის საბოტაჟზე.

როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ მომავალი.

უპირველეს ყოვლისა შეუძლებელია თანამედროვე ქრთულ ონკოლოგიურ ბაზარზე დაბალ ტარიფიანი მომსახურების შემოტანა, ეს დაანგრევს ისედაც გასაცოდავებულ ონკლოლოგიურ მომსახურებას. მაგრამ შესაძლებელია ისეთი სტრუქტურის შექმნა – მაგ. სამეცნიერო ცენტრის ფუნქციებით – რომელიც აიძულებს დარგს განვითარდეს მომსახურების ხარისხის უფრო მაღალი, სამეცნიერო მიღწევებზე დამყარებული, სტანდარტების შემოთავაზებით.

ასეთი სტრუქტურის მაგალითად ჩვენ შეიძლება ავიღოთ ამერიკის ჯანმრთელობის ინსტიტუტები, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ფუნდამენტური სამეცნიერო სამედიცინო მიმართულების ცენტრები.

ჩვენც შეიძლება შევქმნათ ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო ცენტრი და ინფექციურ დაავადებათა მართვის სამეცნიერო ცენტრი. ვინაიდან ისინი იქნებიან მთლიანდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე, მათ არ ეყოლებთ მოგების გასანაწილებელი მფლობელები, მათ ექნებათ შეზღუდული კომერციული საქმიანობის შესაძლებლობა – ინტელექტური მიღწევების გაყიდვა, ამდენად, გაცილებით უფრო გაადვილდება უცხოური გრანტების მოზიდვა.

ასევე მნიშვნელოვანი უნდა იყოს საერთაშორისო თანამშრომლობა ამერიკასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, იაპონიასთან, რომელი არაერთხელ დაეხმარა ქართულ ჯანდაცვას და მის სამეცნიერო განვითარებაში დახმარებაზე უარს არ იტყვის და კიდევ სხვა, შესაძლოა კერძო მსხვილი კომპანიები, რომელთაც ამჟამად რთული პერიოდი აქვთ და ისინი სარეკლამო და სხვა მიზნებით წამოვლენ უფასო ან დაბალპროცენტიან დახმარებაზე. ამას კარგად გამართული საერთაშორისო მუშაობა უნდა, რასაც, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა წარმატებით გაართმევს თავს,” – ნათქვამია უნივერსალური სამედიცინო ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული