პარასკევი, აპრილი 19, 2024

დღევანდელი გლობალური კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა არაპროგნოზირებადობაა – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაცია გამართა და სანამ პარლამენტს წარუდგენდა ამ გეგმას, მანამდე საკოორდინაციო საბჭოს წევრებს სთხოვა საკითხთან დაკავშირებით აზრების გაცვლა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისა და დასვენებისაკენ, იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ ქართულ ტურიზმს და ეკონომიკას:

მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს. დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი გახლავთ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეპიდემიამ ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა უკან დახია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვიმსჯელოთ ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე, დღეს ბიუჯეტი იქნება წარდგენილი პარლამენტისთვის და თქვენ დღეს აქ ხართ ყველანი იმისთვის, რომ სანამ ბიუჯეტი პარლამენტში წავა, წინასწარ გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები.

ამ პარამეტრებით, ჩვენ ვპროგნოზირებთ ეკონომიკური ზრდის მინუს 4 პროცენტს, საშემოსავლო ნაწილში ჩვენ გვაკლდება ბიუჯეტში 1.8 მილიარდი. ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები, დაახლოებით, 600 მილიონით და ბიუჯეტის დეფიციტი, ამ პარამეტრებით, საპროგნოზო, იქნება დაახლოებით 8.5 პროცენტი. ეს არის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო ისაუბრებს და წარმოგვიდგენს.

მომავალი წლის ეკონომიკური გეგმა, საპროგნოზო მაჩვენებლები არის მინუს 4 პროცენტი, ხოლო 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდის, რომელიც არის შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, გახლავთ დაახლოებით 6 პროცენტი. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი არის პროგნოზი და დღევანდელი გლობალური კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა არაპროგნოზირებადობაა.

ამიტომ, ჩვენ, ყველანი, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით მზად უნდა ვიყოთ ყველა სახის მოულოდნელი გამოწვევებისთვის. სწორედ ეს გვკარნახობს ჩვენ, რომ რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მწირი რესურსი, გამოყენებული იყოს ძალიან ფრთხილად, მაქსიმალურად გონივრულად და სამართლიანად. ეს არის ძირითადი პრინციპები. მაგალითად მიზნობრივი სოციალური დახმარება ჩვენს მოქალაქეებზე გავანაწილეთ 6 თვეზე და არ მივეცით ერთჯერადად და კიდევ ბევრი მსგავსი ნაბიჯი ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რომელიც განპირობებული იყო სწორედ ამ დიდი გამოწვევით.

დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ არაფრისგან დაზღვეულები არ ვართ, ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მეტი სიფრთხილე, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ქართულ ტურიზმს. თითოეულ თქვენგანს მოვუწოდებ, ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში. ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა დღეს, ამ წელს ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი ტურისტული სექტორისთვის,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული