ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემდეგ, დედაქალაქში ულამაზესი სივრცე იქნება – კახა კალაძე

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიატაციის პროექტზეც. მისი თქმით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე შპს LMC-სთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დამუშავდება კასკადისა და შადრევნების, როგორც არქიტექტურული, ისე საინჟინრო პროექტები. გარდა ამისა უახლოეს დღეებში იგეგმება „მზიურისა“ და „კიკვიძის“ პარკის გახსნაც:

პროექტის ფარგლებში, კასკადისა და შადრევნების წყლით უზრუნველყოფის სხვადასხვა ალტერნატივა იქნება განხილული. ასევე, საუბარია მდინარე ვერეს ხეობიდან წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით, რათა კასკადმა უკეთესად შეძლოს ფუნქციონირება. ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, თუმცა მიმდინარეობს შესწავლა და ამ კვლევაზე ცოტა მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას.

ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კასკადი. საკმაოდ რთული კონსტრუქციაა, რომელიც სამწუხაროდ, მოუვლელობის გამო, წლებია გამორთულია და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პროექტის შედეგად, ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადი და შადრევნები ჩვენს დედაქალაქს პირვანდელი სახით დაუბრუნდება.

რეაბილიტაციის პროექტი ზაფხულის ბოლოსთვის იქნება მზად. ვაკის პარკს და ამ კონკრეტულ კასკადს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შესაბამისად, თითოეულ დეტალზე მუშაობა ძალიან მნიშნელოვანია. დარწმუნებული ვარ, პროექტი, რომელიც განხორციელდება, ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, რომლითაც ყველა ვიამაყებთ.

ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემდეგ, დედაქალაქში ულამაზესი სივრცე იქნება. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, გავაცანით პროექტი, იყო მსჯელობა, შენიშვნები, რომელიც გავითვალისწინეთ.

ახლა დაწყებული გვაქვს სამუშაოები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ მივიღოთ დაფინანსება და რაც შეიძლება მალე დავიწყოთ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ორივე ერთად, კასკადისა და პარკის რეაბილიტაცია ერთ-ერთი მსხვილი პროექტია და ქალაქში მნიშვნელოვანი სივრცე გვექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, უკვე ჩაბარებულია ვაკის პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ – CBA Studios მოამზადა. ასევე, დედაქალაქის მერის თქმით უახლოეს დღეებში იგეგმება რეაბილიტირებული „მზიურისა“ და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის გახსნა.

მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. მე ამ საკითხზე წინა სხდომაზე ვისაუბრე. ამ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. რამდენიმე დღეში მთლიანად დამთავრებული იქნება სამუშაოები და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ერთად გავხსნათ ეს ულამაზესი სივრცე ქალაქის ცენტრში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული