შაბათი, აპრილი 20, 2024

ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი იზრდებოდეს უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში, ჰქონდეს განათლების, გართობის, ჯანმრთელი ცხოვრების სრულფასოვანი პირობები – მიხეილ ჩხენკელი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და სამინისტროს სახელით ულოცავს ამ დღეს ბავშვებს. მინისტრის განცხადებით წლევანდელი ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულ პირობებში აღინიშნება, რადგან უპრეცედენტო გამოწვევის პირისპირ დგას მთელი მსოფლიო:

„ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას“ – ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები მკაფიოდ სახავს სახელმძღვანელო პრინციპს ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, ვისთვისაც უმთავრესი მიზანი მუდმივი წინსვლა და განვითარებაა.

ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ყველა ბავშვი იზრდებოდეს უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში, ჰქონდეს განათლების, გართობის, ჯანმრთელი ცხოვრების სრულფასოვანი პირობები – ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა.

წლევანდელ ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებულ პირობებში აღვნიშნავთ. უპრეცედენტო გამოწვევის პირისპირ, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დადგა, ჩვენი სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა, აღმზრდელებმა და პედაგოგებმა მთელ ქვეყანაში, ყველამ, ვინც ცხოვრების მთავარ საქმედ მომავალ თაობებზე ზრუნვა აირჩია, ძალისხმევის მაქსიმუმი გაიღო, რათა შეგვემსუბუქებინა სკოლისა და მეგობრებისაგან დაშორების სირთულეები, მოგვეძებნა განათლებისა და შინაარსიანი დასვენების ახალი გზები ჩვენი შვილებისათვის.

ჩვენ კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღმოვფხვრათ ბავშვთა შორის და ბავშვთა მიმართ ძალადობა, ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, შევქმნათ თვითრეალიზაციის ყველა პირობა, რათა საქართველოს ახალმა თაობამ შეძლოს საკუთარი ოცნებების ასრულება,” – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული