პარასკევი, აპრილი 26, 2024

SOS!!! მთაწმინდის პანთეონში სადრენაჟო სისტემის გაუმართაობის გამო საფლავები წყლით არის დაფარული

აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს,“ – ეს სიტყვები საქართველოს ყველაზე დიდ პატრიოტსა და მოამაგეს ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის. ქართველმა ხალხმა თავის სათაყვანებელ შვილს მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესიის ეზოში მიუჩინა საძვლე. მას შემდეგ ეს ადგილი საუკეთესოთა შორის საუკეთესოებისთვის განსასვენებელ ადგილად იქცა. თუ როგორ ვიცავთ სულმნათი ილიას ანდერძს და რა თვალით ვუყურებთ ჩვენს ისტორიას კარგად ჩანს მთაწმინდის პანთეონის მაგალითზე. დამტვერილი და მოუვლელი მემორიალები იმ ადამიანების, ვინც მთელი ეპოქები შექმნეს ქართულ პოლიტიკაში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, კინოსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მეტყველებს იმაზე, რომ სათანადო ყურადღებით არ ვეპყრობით ჩვენს წარსულსა და აქედან გამომდინარე მომავალსაც.

ყვავილებსა და მოვლილ გაზონებზე აქ ზედმეტია საუბარი, საფლავების ერთი ნაწილი დატბორილია და მთის ქანებიდან გამონადენი წყლით ივსება. პირველად, რომ დავინახე თვალებს არ დავუჯერე, იმ ადამიანების საძვლეები, რომელთა ცხოვრების მაგალითზე მომავალი თაობები უნდა აღვზარდოთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, წყალში არის ჩაძირული. იმის მაგივრად, რომ ქართული მიწის ამ მცირე ნაგლეჯს, სადაც ქართული ისტორიის ნათელი მხარე არის დავანებული, მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ, ამის ნაცვლად უყურადღებობისთვის ვიმეტებთ და ვივიწყებთ.

დავით კლდიაშვილის წყალში ჩაძირულ საფლავს, რომ ვუყურებდი თბილისში, აბანოთუბანში ჰეიდარ ალიევის მონუმენტი და მის მიმდებარედ ლამაზად მოვლილი სკვერი გამახსენდა. სწორედ ამაზეა ნათქვამი: „შინაურ ღვდელს შენდობა არ აქვსო“. ბატონი ჰეიდარი საქართველოს დიდი მეგობარი იყო, ხოლო მისი მონუმენტი ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობას მტკიცე საფუძველი გააჩნია. მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ჩვენი ქვეყნის სასიქადულო შვილების საფლავებსაც ისეთივე რუდუნებით მოვექცეთ, როგორც ამას ჩვენი ქვეყნის მეგობრების მიმართ ვაკეთებთ. არ არის გამორიცხული, რომ ალიევის მონუმენტისა და მიმდებარე სკვერის მოვლის ხარჯებს ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები თავად სრულად ფარავდნენ. მაშინ ორმაგად სირცხვილი და თავის მოჭრა ჩვენ. აზერბაიჯანი თავისი სახელმწიფო მოღვაწის მონუმენტის მოვლას უცხო ქვეყანაში წარმატებით ახერხებს და ჩვენ საქართველოში ილია ჭავჭავაძისა და დავით კლდიაშვილის საფლავებისთვის ვერ მიგვიხედია.

ბოლოს მინდა ჩვენ მაღალჩინოსნებს მივმართო: ბატონებო, ილია ჭავჭავაძეს, რომლის პორტრეტიც კაბინეტებში გიკიდიათ, რომ თქვენაირად მხოლოდ საკუთარ კომფორტსა და პირად გამორჩენაზე ეფიქრა და არა ქვეყნის სვებედზე, ამ სტატიას მე ქართულ ენაზე ვერ დავწერდი, ხოლო თქვენ მაგ მაღალ თანამდებობებს დღეს ვერ დაიკავებდით. ამიტომ საკუთარი პერსონალური კაბინეტის რბილ სავრძელში ჩაფლულებს პერიოდულად თუ გაგახსენდებათ სულმნათი ილიას სიტყვები: „ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს“, მისასალმებელი იქნება.

გთხოვთ მთაწმინდის პანთეონში სადრენაჟო სისტემის მონტაჟზე მაინც იზრუნოთ, თუ სხვა რამეზე ფულის გამოყოფა გენანებათ, რომ ქართული აზრის კორიფეების საფლავები ელემენტარულად წყალში არ იძირებოდეს.

ექსკლუზიური რეპორტაჟის ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული