როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, იწყება საქართველოს წითელი ნუსხის განახლების პროცესი, რაც გულისხმობს რიგი სახეობების გადაშენების რისკების შეფასებას ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) სტანდარტების მიხედვით
წითელი ნუსხა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში პრიორიტეტების განსაზღვრისათვის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ის ასახავდეს გადაშენების რისკის რეალურ დონეს.
საქართველოს დღეს არსებული წითელი ნუსხა უკვე საკმაოდ მოძველებულია და საჭიროებს განახლებას. ეს კი გულისხმობს, დღეისთვის დაგროვილ სამეცნიერო ინფორმაციზე დაყრდნობით, გადაშენების რისკების შეფასებას – ამასთან, უფრო მეტი სახეობისთვის და უფრო სრულყოფილად. პროცესში იგეგმება სამეცნიერო-აკადემიურ ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა.
ამავე პროცესის შედეგად იგეგმება ბიომრავალფეროვნების შესახებ არსებული ინფორმაციის თავმოყრა და მოწესრიგება.
პროექტი ხორციელდება გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) პარტნიორობით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები:
• ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, ხელმისაწვდომი ინფორმაციის თავმოყრა და მოწესრიგებადა
• ცხოველების, მცენარეების და სოკოების რიგი სახეობებისთვის გადაშენების საფრთხეების შეფასება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) შესაბამისად
• ექსპერტთა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
• დამატებითი საველე კვლევების ჩატარება საჭიროების შემთხვევაში
• წითელ ნუსხასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრა და მისი მისადაგება დაგეგმილ ბიომრავალფეროვნების კანონთან
• განახლებულ წითელ ნუსხასთან დაკავშირებით ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება