ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

გაერთიანებულ ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატი, ხალხმა უნდა იცოდეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას – გიორგი ვაშაძე

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მის შესაძლო პრემიერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ გასცა პასუხი და განმარტა, რომ ამ საკითხის განხილვა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრისას დღის წესრიგში არ ყოფილა და პირველ რიგში ქვეყანაში არსებულ რთულ სიტუაციაზე, გაჭირვებაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ოპოზიციონერმა ლიდერმა განაცხადა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას აუცილებლად ეყოლება პრემიერობის კანდიდატი, რათა ქართველმა ხალხმა იცოდეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე:

ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარებაა და ახლა რაზეც ყველაზე მეტად უნდა ვიფიქროთ ისაა, თუ როგორ დავძლიოთ საშინელი გაჭირვება, რა პროგრამები და რა სტრატეგიები არის შესამუშავებელი, რომ ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ ყველაფრის რეალიზება მოვახდინოთ. მე არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე ჩემს გუნდთან ერთად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ფარგლებში.

ახლა მთავრია საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, მთავარია საერთო ოპოზიციური ფრონტი შეიქმნას, მთავარია ზოგადად ხალხს ვაჩვენოთ ის ალტერნატივა, რომელიც ამ გაჭირვებიდან ამოგვიყვანს.

მართლა ვფიქრობ, რომ საქართველოში ოქტომბერში არჩევანი გასაკეთებლია ან ივანიშვილის საქართველო – როგორც ორღობე, გაჭირვება, მუდმივი უპერსპექტივობა, ან საქართველო – რეგიონის ლიდერი, რომელიც სწრაფად ვითარდება, ქმნის რეფორმებს, აძლიერებს ეკონომიკას, ქმნის სამუშაო ადგილებს. დღეს საქართველოს სომხეთმა აჯობა რეფორმებში და ეკონომიკურ განვითარებაში. ნამდვილად არ მსურს, რომ ჩვენ ჩამოვრჩებოდეთ, რადგან ლიდერები ვიყავით და საქართველო უნდა იყოს რეგიონის ლიდერი.

გაერთიანებული ოპოზიცია არის ყველაზე წარმატებული პოლიტიკური პროექტი, რომელმაც ფაქტობრივად არჩევნების პირველი ტური მოიგო და მეორე ტური, პირდაპირ ვთქვათ, უბრალოდ წაგვართვეს და ახლა აღარ გამოუვა „ქართულ ოცნებას“ გაყალბება, იმიტომ, რომ საერთაშორისო საზოგადოება კარგად არის ამაზე ორიენტირებული.

გაერთიანებულ ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს პრემიერობის კანდიდატი და არა მარტო, ჩვენ ასევე ჩრდილოვანი კაბინეტიც უნდა გვქონდეს, რადგან ხალხმა იცოდეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

როგორც გიორგი ვაშაძე განმარტავს, მისი პრემიერობა მხოლოდ თაკო ჩარკვიანის პირადი მოსაზრებაა და ეს არ არის გაერთიანებული ოპოზიციას “ძალა ერთობაშიას” გადაწყვეტილება. ამაზე დღის წესრიგის ფარგლებშიც არ ყოფილა საუბარი, მხოლოდ ზოგადი მსჯელობა იყო.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული