,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, იგორ ნარმანია, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში, განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებას აძლევს ,,ოპოზიციის ალიანსის” საზოგადოებასთან დღევანდელ შეხვედრას და ასევე საუბრობს ალიანსში ახალგაზრდების მნიშვნელოვანი როლის შესახებ:
,,დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან. აქ იყვნენ წარმოდგენილი სტუდენტები, აქტივისტები, პროტესტში ჩართული ადამიანები და ცალსახაა ის, რომ ეს ერთიანობა და ალიანსიც დგას ერთადერთ რამეზე – ეს არის წინააღმდეგობა და ამ წინააღმდეგობის ავტორებთან გვქონდა ზუსტად შეხვედრა.
ამ ადამიანებთან ერთად ვართ ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე, თუმცა ინტერაქციაში შესვლა იყო ძალიან საინტერესო იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი ხედვები, ზოგადად მომავალთან დაკავშირებით, ასევე ამ ალიანსის რაობასთან დაკავშირებით, ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ რა სამომავლო გეგმები გვაქვს დასახული ალიანსის მოღვაწეობის ფარგლებში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების როლი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე გამოკვეთილი ამ ბრძოლაში.
ასევე უნდა ითქვას ის, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პოლიტპატიმრების მშობლები, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ წინააღმდეგობის მთავარი შემოქმედები.
ჟურნალისტის შეკითხვა: რა როლი ექნება ახალგაზრდების ამ ალიანსში?
– თქვენ იცით, რომ თითოეულ პარტიაში წარმოდგენილია ახალგაზრდული ორგანიზაციებიც, მათ შორის და ამ ალიანსის ფარგლებშიც იქნება კონკრეტული სტრუქტურები, რომელიც ორიენტირებული იქნება აქტივისტების, ახალგაზრდების, სტუდენტების ჩართულობაზე. აქ ამ კონკრეტულ სტრუქტურაში წარმოდგენილი იქნებიან არა მარტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არამედ როგორც უკვე გითხარით სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტებიც და ახალგაზრდები, რომლებიც უბრალოდ დაინტერესებული არიან რეჟიმთან არ თანამშრომლობით და უნდა საქართველოში ევროპული მომავლის გამარჯვება“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი


