კორონავირუსი იქცა საქართველოს ხელისუფლების წინასაარჩევნო პარტნიორად – ხათუნა ლაგაზიძე

300

ბოლო დროს საქართველოსათვის მწვავედ გაჩენილი პრობლემა – ვირუსული პანდემია, რომელმაც, როგორც პოლიტიკური დღის წესრიგი, ასევე საზოგადოების ცხოვრება შეცვალა, გადაფარა ისეთმა მნიშვნელოვანმა საკითხებმა როგორიცაა უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალება, კონგრესმენების წერილი, ევროპარლამენტარებისა და დასავლეთის მნიშვნელოვანი გზავნილები საქართველოს ხელისუფლების მიმართ. აღნიშნულ და კიდევ სხვა საკითხებზე საკმაოდ დეტალურად ისაუბრა პოლიტიკის ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ სააგენტო „პარალელთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში და ამასთან განსხვავებული რაკურსით გვაჩვენა შექმნილი რეალობა:

  • გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფლები არიან, 15 მაისს შეიწყალა პრეზიდენტმა, მანამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალი რანგის პირები მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი აცხადებდნენ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, რაც ასევე გუშინდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა აღნიშნა, როგორ ფიქრობთ გვყავს თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები?

– მე მოვიყვან ჩემზე უფრო კომპეტენტური ადამიანების პასუხებს, ამერიკის  სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და ევროპარლამენტარების შეფასებებს, სადაც ისინი პირდაპირ წერენ, რომ საქართველოს პოლიტპატიმრები ჰყავს. უფრო ნათელი, რომ იყოს, ამ ტიპის შეფასებებს აძლევენ, მაგალითად, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ირანი, რუსეთი, კუბა და ა.შ. სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მიმართ, როდესაც ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები ღიად ამბობენ, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები, ეს უკვე არის განაჩენი, რაც ჩვენ უკვე ვიხილეთ. საქართველოს ხელისუფლებამ, რაც არ უნდა საწინააღმდეგო ამტკიცოს და გასაგებია, რომ გათვლები აქვს თავის ამომრჩევლებზე,  რეალობა დასავლეთის წყალგაუვალი შეფასებაა.

  • რა შეცვალა პანდემიამ საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში? როგორც ოპოზიციისათვის ასევე ხელისუფლებისათვის?

– კარგი კითხვაა, პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, უპირველეს ყოვლისა, რამ გაათამამა საქართველოს ხელისუფლება?! – შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ კორონავირუსი იქცა საქართველოს ხელისუფლების წინასაარჩევნო პარტნიორად. ობიექტურები, რომ ვიყოთ შედეგიდან თუ ამოვალთ, მთავრობა მართლაც წარმატებული იყო ვირუსთან ბრძოლაში, იმიტომ რომ კორონავირუსის 700-მდე დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა და აქედან 12 იყო ლეტალური. ამან საქართველოს ხელისუფლებას მისცა იმის ფიქრის საშუალება, რომ ის არჩევნებს მარტივად მოიგებს. რაც გუშინდელ დღემდე ხელისუფლების წისქვილზე ასხამდა წყალს. მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც მე გუშინდელ დღეს წყალგამყოფს დავარქმევდი არა იმიტომ, რომ პოლიტპატიმრები გამოუშვეს, არამედ იმიტომაც, რომ ხელისუფლებისათვის გაცილებით თავზარდამცემი იყო კონგრესმენების გუშინდელი წერილი.

წყალგამყოფამდე ხელისუფლებას  ჰქონდა იმის იმედი, რომ ის მილიარდობით ლარი, რაც უნდა ჩაირიცხოს  სოციალური დახმარებების სახით საზოგადოებისთვის,  კორონავირუსისაგან შექმნილი კრიზისი გამო, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში წინასაარჩევნოდ იქნებოდა ამომრჩევლის უპრეცედენტო მოსყიდვა და შესაბამისად ამას ხელისუფლება ვერ განახორციელებდა. ახლა ამას მოსყიდვა კი არა აუცილებელი დახმარება ჰქვია, რამაც თავისთავად გაათამამა ხელისუფლება.

ოპოზიციის განცხადებას, რომ ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე მხარს არ დავუჭერთ, ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ოპოზიციის ხელით მოახერხებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას და ეგონათ, რომ მეორედ შერჩებოდათ დასავლეთის გადაგდება. გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ დასავლეთისთვის საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და საუბრები და ღლიცინი იმაზე, რომ თურმე 500 მილიონ ევროს ევროკავშირი უგულავასა და ოქრუაშვილის თავებში იხდიდა, ვიტყოდი რომ ამაზრზენია. ამ ფულს ევროკავშირი იხდის ქართული დემოკრატიის გადარჩენაში, იმიტომ რომ ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს სასამართლო სისტემა, როგორც დამოუკიდებელი რგოლი და სწორედ ამის გადარჩენაში იხდის ამ თანხას და ამ შემთხვევაში გვარებს, ვინ გამოვიდა ციხიდან მნიშვნელობა არ აქვს.  ეს იყო საქართველოს  დემოკრატიის გადასარჩენად გამოყოფილი თანხა და შესაბამისად  გამოყენებული ულტიმატუმი.

  • ჩაგეკითხებით: რომ არა ულტიმატუმი უგულავას და ოქრუაშვილის ციხიდან გამოშვების თაობაზე, საქართველო ამ დახმარებებს მაინც მიიღებდა?

– არ მიიღებდა და ამას გარდა, მნიშვნელოვანი არის სხვა დახმარებების საკითხიც, რაც კონგრესმენების წერილიდან გამომდინარე ისევ დაეკიდა ჰაერში. ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ?! – კონგრესმენების წერილში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის მტრებთან თანამშრომლობს და მოუწოდებენ ამერიკის სახელმწიფო მდივანს და ფინანსთა მდივანს რომ სასწრაფოდ მიიღონ მასშტაბური ზომები იმისათვის, რომ საქართველოში დაცული იყოს ამერიკის ნაციონალური ინტერესები, რაც რეალურად სანქციებისთვის მოწოდებას ნიშნავს.

ასევე წერილში საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში ხდებოდა ირანული ფულის გათეთრება და საქართველოს პორტების გამოყენება ირანის ინტერესებისათვის. საუბარი იყო იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკას რუსეთთან თანამშრომლობა ანაცვალა. რუსეთთან თანამშრომლობისკენ აქვს საქართველოს გეზი აღებული და ეს ყველაფერი ჯამში აღებული ამერიკის ნაციონალური ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებსო, აღნიშნულია წერილში. როცა ამას წაიკითხავს ინვესტორი, წაიკითხავს დასავლეთის პოლიტიკური ელიტის ნებისმიერი წარმომადგენელი, ეს თავისთავად ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების დელეგიტიმაციას.  ხელისუფლება, რომელიც დელეგიტიმაციით სარგებლობს ამერიკისა და ევროპის წამყვან სახელმწიფოებში, ის ვერაფერს ვერ მიიღებს, ვერც ინვესტიციებს, ვერც დახმარებებს და ეს შესაბამისად ძალიან მძიმედ დააწვება კისერზე მოსახლეობას. 

ამიტომაც ვფიქრობ, რომ საქართველოში თავისუფალი თაობის პოლიტიკოსების დრო დადგა. მსოფლიო ახალ მოთხოვნებს უყენებს პოლიტიკოსებს. ფაქტიურად დღეს მიდის მსოფლიოს ახალი გადანაწილება ეკონომიკებისა და სიმდიდრეების მიმართულებით და საქართველოს ექნებოდა შანსი, რომ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც არ იქნებოდა დელეგიტიმირებული დასავლეთის თვალში; რეალური შანსი იმისა, რომ მოგებული გამოსულიყო ინვესტიციებით, ახალი ტექნოლოგიებით, ახალი საწარმოებით, მოგებული გამოსულიყო ამ ახალი მსოფლიოს გადანაწილების პირობებში. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც ისარგებლებდა მაღალი ნდობით, ინოვაციურობით და კრეატიულობით. ამ თავსაზრისით ქართულ პოლიტიკურ ელიტაში უდავოდ გამოიყოფა გიორგი ვაშაძე, რომელიც ერთგვარად დროს უსწრებს ქართულ პოლიტიკაში სწორედ ამ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შემოტანით, როგორც მმართველობაში, ასევე ეკონომიკაში. მსგავსი პოლიტიკოსების დრო უნდა დადგეს ქართულ პოლიტიკაში, თუ გვინდა, რომ მსოფლიოს ამ ახალი გადანაწილებიდან კიდევ უფრო გაღატაკებული და მშიერ-მწყურვალი არ გამოვიდეს საქართველო.

ამ გლობალურ გამოწვევებთან, იმ შანსებთან დაკავშირებით, რაც მსოფლიო  ეკონომიკის და მათ შორის, საქართველოს წინაშე დგას, სწორედ ისეთი პოლიტიკოსები გვჭირდება როგორიც გიორგი ვაშაძეა თავისი დინამიურობით და ინოვაციურობით. 

  • როგორ შეაფასებდით მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას?

– რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, მე სხვაგანაც მითქვამს და აქაც ვამბობ, რომ ბევრი ნაწილი ამ გეგმის, მაგალითად ტურიზმთან მიმართებაში, ეფექტური იყო. იმიტომ, რომ სხვა ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნების გეგმებთან შედარებით, საქართველომ საკმაოდ კარგი პაკეტი შეიმუშავა, ისევე როგორც კარგია ეკონომიკის გახსნის ვადების დაჩქარება. სხვათა შორის, იგივე გიორგი ვაშაძე მოუწოდებდა ამას საქართველოს ხელისუფლებას. გიორგი ვაშაძის პროგრამები იყო აგებული ძალიან მნიშვნელოვან ბალანსზე ეკონომიკის გახსნასა და კორონავირუსისაგან დაცვის, უსაფრთხოების ნორმებს შორის. მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დააჩქარა ეკონომიკის გახსნის პროცესი მას შემდეგ, რაც ამისი აუცილებლობის წინაშე დადგა. 

სხვათაშორის, პრემიერმა სახელებისა და გვარების ხსენების გარეშე თქვა, რომ ითვალისწინებს, მათ შორის, ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საღ აზრსაც. კომპლექსურმა მიდგომამ და აუცილებლობამ დაანახა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეკონომიკის გახსნის დაჩქარება აუცილებელი იყო. სწორედ ეს ხედვა იყო გიორგი ვაშაძის პროგრამაში: შეზღუდვების სწრაფად მოხსნას, სწრაფ მონიტორინგს და ეკონომიკის სწრაფად გახსნას გულისხმობდა;  ასევე „ევროპული საქართველოს“ პროგრამაში, რაც ეკონომიკის გარდაუვალი ჩამოქცევისგან ხსნის გამოსავალას სახავდა.

ინტერვიუ ჩაწერა სააგენტოს ჟურნალისტმა
თამთა ასლანიშვილმა

 სააგენტო “პარალელის” პუბლიკაციების გამოყენების პირობები

კომენტარები