საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანას კრძალავს. აღნიშნულთან რეგულაცია ეხება M1 კატეგორიას, გამონაკლისს წარმოადგენს ელექტრო მანქანები.
აღნიშნულ რეგულაციას ეწინააღმდეგებიან ავტოიმპორტიორი კომპანიები, ავტოდილერები და ავტომფლობელები.
თემასთან დაკავშირებით საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციამ შეხვედრა გამართა დარგის წარმომადგენლებთან.
აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით, სააგენტო ,,პარალელთან” კომენტარში, განმარტებები გააკეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა დარბაისელმა:
,,6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა პირდაპირ ეხება რეექსპორტსაც. ადგილობრივ ბაზარს და ავტოპარკს რაც შეეხება – უფრო მეტად დაძველდება, რადგან ახალი ვეღარ შემოვა. ქვეყანაში რა ავტომობილებიც არის, ეს არსად არ წავა.
გასაგებია, ვკრძალავთ 6 წელი მეტი წლოვანების მანქანებს, თუმცა ქვეყანაში არსებული ე.წ. ძველი მანქანები უფრო მეტად დაძველდება და გაძვირდება. ამას დამატებული ახალი მანქანებით ჩანაცვლება ვერ მოხდება, რადგან მოსახლეობა ფიზიკურად ვერ შეძლებს ძველი მანქანის 2020 წელზე ზემოთ წარმოებული ავტომობილით ჩანაცვლებით”, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


