მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანას ზღუდავს. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ:
„საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში არის მნიშვნელოვნად და მკვეთრად გაზრდილი. 2012 წელს საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა 2 მილიონს. ავტომობილების რაოდენობის ასეთი ზრდა იწვევს, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას.
შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება არის აუცილებელი. ამისთვის ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას. მცირე გამონაკლისები იქნება გათვალისწინებული. ეს მნიშვნელოვანია ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

