ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

ჩვენ ქვეყანას საჯიჯგნად “ქართულ ოცნებას” არ დავუთმობთ! – გიორგი ვაშაძე

ან საქართველო რეგიონალური ლიდერი ან საქართველო სოფელი – ეს არის პრინციპული არჩევანი – გიორგი ვაშაძე

ორთვიანი პაუზის შემდეგ გამართულ ოპოზიციური პარტიების მორიგ შეხვედრაზე საკმაოდ მწვავე განცხადებები გაკეთდა და ხელისუფლების წინაშე დაისვა კონკრეტული პრინციპული მოთხოვნები. პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, დღევანდელი შეხვედრის შეჯამებისას განმარტავს, რომ არ იქნება მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე. ოპოზიციონერი ლიდერი ასევე ხაზს უსვამს შემდეგ გარემოებას, რომ სტრატეგიული პარტნიორების რიტორიკაში პირველად გაისმა პოლიტპატიმრების საკითხი და და აღნიშნავს, რომ რაც უფრო თაღლითურ ნაბიჯებს გადადგამს „ქართული ოცნება“ მით უფრო მკაცრი იქნება შეფასებები დასავლელი პარტნიორების მხრიდან:

პირველი – უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ სურთ, მიიტაცონ ეს ქვეყანა და საქართველომ ვერასდროს შეძლოს ნორმალური განვითარება და სიღარიბის დამარცხება, რადგან ღარიბი ადამიანი არის მათი მიზანი.

მეორე – ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი საკუთარ პოზიციაში. ერთიანობა გულისხმობს, რომ ორივე საკითხი – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის ცვლილება, არის შეთანხმება, რომელიც დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით იქნა მიღწეული და აუცილებლად უნდა შესრულდეს.

არ იქნება მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე. ეს არის ის რასაც მხარს უჭერს ჩვენი ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორები უმაღლეს დონეზე და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პირველად მათ რიტორიკაში უკვე შემოვიდა პოლიტპატიმრების ღიად დასახელების საკითხი, უნდა ეს „ქართულ ოცნებას“ თუ არა.

რაც უფრო თაღლითურ ნაბიჯებს გადადგამენ მით უფრო მკაცრი იქნება შეფასებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მათ უნდათ ძლიერი პარტნიორი ამ რეგიონში საქართველოს სახით. მით უმეტეს ამ უმძიმესი კრიზისის ვითარებაში, რომელიც თანამედროვე სამყაროშია და ისინი არ დაუშვებენ დემოკრატიის ხელყოფას არცერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. შეთანხმება უნდა შესრულდეს!

ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები. თუ ჩვენ დათმობაზე წავალთ „ქართულ ოცნებასთან“, პირდაპირ გეტყვით, რომ წაგვართმევენ სახელმწიფოს და მიითვისებენ ყველა იმ სიკეთეს, რასაც საქართველოს სახელმწიფო მოიტანს.

გადახედეთ 8 წელს, საქართველო გაღარიბდა ყველა კომპონენტში, შემცირდა სამუშაო ადგილები კორონავირუსამდე, ხოლო კორონავირუსის შემდეგ ეს არის ძალა, რომელიც საკუთარი სიკეთისათვის გამოიყენებს ნებისმიერ გადმორიცხულ თეთრს, რომლის მოცემასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები აპირებენ, ქვეყანაში გაჭირვების დასამარცხებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ხელისუფლების ასეთი ქმედება!

ან საქართველო რეგიონალური ლიდერი ან საქართველო სოფელი – ეს არის პრინციპული არჩევანი და ეს არჩევანი საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს. მე ამ არჩევანს ვაკეთებ საქართველო – ლიდერის სასარგებლოდ, წარმატებული ქვეყნის სასარგებლოდ. ეს არის ოპოზიციური პარტიების სულისკვეთება.

მე ძალიან კარგად მახსოვს ხელისუფლების განცხადებები, რომ არაფერი არ შეიცვლებოდა საარჩევნო სისტემაში და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და მათი შეხვედრა შედგა და ერთ დღეში შეიცვალა მათი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს მათ სჭირდებათ იგივე წამალი, რა წამალმაც უშველა მარტში. ეს წამალი იქნება, ამის გარანტიას გაძლევთ!

ჩვენ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა ზომას მივმართავთ, თუ საჭირო გახდა გავაგრძელებთ მშვიდობიან არაძალადობრივ აქციებს და ჩვენ ქვეყანას საჯიჯგნად „ქართულ ოცნებას“ არ დავუთმობთ! წერტილი (წერტილებთ უყვართ საუბარი, სხვათაშორის),” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული