ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

ყველა ხელისუფლება, ვინც სცადა საქართველოში დემოკრატიის ხელყოფა, კრახით დაასრულა და მომავალშიც აუცილებლად კრახით დაასრულებს – გიორგი ვაშაძე

მივმართავს „ქართულ ოცნებას“ – არ გამოგივათ რუსული ე.წ. სუვერენული დემოკრატიის გზით სვლა! არ გამოგივათ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება,“ – ეს განცხადება ბრიფინგზე გააკეთა პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ყველა ხელისუფლება, რომელიც საქართველოში დემოკრატიის ხელყოფას ცდილობს კრახით ასრულებს, ასე იქნება მომავალშიც. ოპოზიციონერმა ლიდერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ:

„მივმართავს „ქართულ ოცნებას“, არ გამოგივათ რუსული ე.წ. სუვერენული დემოკრატიის გზით სვლა! მეგობრებო, არ გამოგივათ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება. არ გამოგივათ ის ტყუილები და თაღლითობა, რასაც თქვენ ახლა ეწევით საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. თქვენი იმიჯი, თქვენი სახე, თავიდან ბოლომდე იცის მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ. ჩვენ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს დაგვიჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით და ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის ნების თავისუფალ დემოკრატიულ განვითარებას.

არ გეგონოთ, რომ თქვენი ქმედებებით შეცვლით ამ მიმართულებას. ყველა ხელისუფლება ვინც სცადა საქართველოში დემოკრატიის ხელყოფა კრახით დაასრულა და მომავალშიც აუცილებლად კრახით დაასრულებს. განწირულია თქვენი ნაბიჯები რუსული ე.წ. სუვერენული დემოკრატიის გზით სვლის.

დამერწმუნეთ, რომ ამას არ დაუშვებს, არც საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო და პირველ რიგში, ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი. ასე, რომ მარტივი საკითხია დარჩენილი შეასრულეთ შეთანხმება, რომელიც 8 მარტს გავაფორმეთ.

ბატონო გახარია, ხომ დამთავრდა ყველა სპეკულაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით! ხომ დაგისვეს წერტილი, წერტილი და კიდევ ერთხელ წერტილი!

მსურს მივმართო ბატონ არჩილ თალაკვაძეს და ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომლებიც ჩვენთან ერთად ისხდნენ მოლაპარაკებებზე. ნუთუ არ გცხვენიათ, რომ მოლაპარაკებებზე, სადაც კამერები არ არის ერთს საუბრობთ და საჯაროდ გამოდიხართ და ასე ცრუობთ და იტყუებით?! იოტისოდენა სინდისი და მორალური სტანდარტი მაინც ხომ უნდა გქონდეთ?! რა არის ამ თანამდებობებზე ასე ჩაბღაუჭება?! ასე შეიძლება გეშინოდეთ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების?! შეიძლება, რომ სახელმწიფო ასეთი საფრთხის წინაშე დააყენოთ?!

ასევე მსურს მივმართო მოსახლეობას ვიყოთ ერთიანები, ძლიერები და აუცილებლად გავიმარჯვებთ. სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს ტყუილზე, ისევე როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული