ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

ხელისუფლებას მოუწევს ევროპული სასამართლოსთვის პასუხის გაცემა, თუ რატომ ჩამოართვა სიცოცხლის უფლება თემირლან მაჩალიკაშვილს – ხატია დეკანოიძე

როგორც ცნობილი გახდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის არსებითად განხილვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხს ბრიფინგი მიუძღვნა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პოლიტსაბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ. მისი თქმით ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოს არაერთ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, მათ შორის იმაზე, თუ რატომ ჩამოართვა სიცოცხლის უფლება თემირლან მაჩალიკაშვილს და მოკლა არაპროფესიონალურად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რა წინაპირობები უძღოდა წინ ამ სპეცოპერაციას, რამდენად კვალიფიციურად მიმდინარეობდა გამოძიება და ა.შ.:

“აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო საქართველოში მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი კუთხით არსებულ უმძიმეს მდგომარეობას, რომლის ტრაგიკული და მძიმე გამოვლინებაა 2017 წლის დეკემბერში ხელისუფლების მიერ დაუგეგმავად, არაპროფესიონალურად და არამართებულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილისთვის, ხელისუფლების მიერ სიცოცხლის უფლების ჩამორთმევსა ანუ მკვლელობას და მოგეხსენებათ, რომ 10 იანვარს იგი, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობების გამო გარდაიცვალა საავადმყოფოში.

მთელი ამ ხნის მანძილზე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, საზოგადოებამ ვერ იპოვა სამართალი და ვერ იპოვა პასუხები კითხვებზე, რომელიც აინტერესებს ოჯახს და საზოგადოებას. უფრო მეტიც, ხელისუფლების მხრიდან მაჩალიკაშვილის ოჯახისადმი, საზოგადოებისადმი ცინიკური დამოკიდებულების კულმინაციით გამოიხატა 31 დეკემბერს, როდესაც მაჩალიკაშვილის ერთადერთი საპროტესტო ადგილი და მისი კარავი ნაგავში მოისროლეს ბიძინა ივანიშვილის და კახა კალაძის დავალებით.

სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სათანადო და ეფექტიანი გამოძიება, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ე.წ. სპეცოპერაციის განსაკუთრებულად დამამცირებელი და აგრესიული სახით ჩატარების გამო და ასევე, ამ დრომდე არ დასჯილან დამნაშავეები, ხოლო მაჩალიკაშვილის ოჯახს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ გაეცნონ გამოძიების მასალებს. უფრო მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაარღვია ყველანაირი პროცესუალური დამოუკიდებლობა და თვითონ აწარმოებდა გამოძიებას, ამასთან გააყალბა ჩვენებები თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ.

ძალზედ მნიშვნელოვანია, ის ფაქტი რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის არსებითად განხილვა. საქმე მიმდინარეობს კონვენციის დარღვევის მე-2, მე-3 და მე-13 მუხლების შესაბამისად, რაც გულისხმობს სიცოცხლის უფლების წართმევას ხელისუფლების მხრიდან, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას და შიდა დაცვის მექანიზმების უფლების ჩამორთმევას. ამ დრომდე ჩვენ ვიცით, რომ სამართლებრივი მტკიცებულებები ამ საქმის გარშემო არ არსებობს.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა კითხვები და ხელისუფლებას აქვს ვალდებულება უპასუხოს ამ კითხვებს. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო გამოძიება, ასევე არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ხელისუფლებამ არ შექმნა არც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, მაჩალიკაშვილების ოჯახს ამაზე პარლამენტმა უთხრა. აღნიშნულზე და ყველა სხვა დანარჩენზე ევროპული სასამართლოს წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა ხელისუფლებას – თუ რატომ ჩამოართვა სიცოცხლის უფლება თემირლან მაჩალიკაშვილს, რატომ მოკლა დაუგეგმავი და გაუმართლებელი სპეცოპერაციის შედეგად, რა წინაპირობები უძღოდა წინ სპეცოპერაციას და რა იყო ის გარემოებები, რომელიც ხდიდა აუცილებელს ამ არაპროფესიონალურად ჩატარებულ სპეცოპერაციას. ასევე, რატომ არ უზრუნველყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებით თემირლან მაჩალიკაშვილი.

ამ ყველა კითხვაზე საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება გასცეს პასუხები და გადასცეს ყველა დოკუმენტაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

ჩვენ გვინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადოთ მალხაზ და მედიკო მაჩალიკაშვილებს, თემირლანის ოჯახს და ასევე უნდა ვთქვათ, რომ მათ სახელმწიფომ ჩამოართვა პროტესტის უფლება,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული