პარასკევი, აპრილი 19, 2024

შუბლზე ძარღვი უნდა გქონდეს გაწყვეტილი, როცა გარემოს დაცვის მინისტრი გქვია და ამ ბოროტებას “აპრავებ” – თამთა შამათავა

“ახალი საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი თამთა შამათავა გარემოს დაცვის მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ლევან დავითაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ასწლოვანი ხეები გადატანას უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას უკავშირებს და გარემოს დაცვის კუთხით ივანიშვილის მიერ შეტანილ დიდი წვლილზე საუბრობს:

“ის, რასაც ხეების მოტრფიალე ივანიშვილი აკეთებს, არის დიდი ბოროტება და უდიდესი ზიანი გარემოსთვის. ალბათ, ბატონ მინისტრს არ უნახავს მთელი რიგი მოჭრილი ხეები, რომელიც ივანიშვილის რჩეული ხის ტრანსპორტირებას შეეწირა და ალბათ არც ის უნახავს, თუ როგორი უზარმაზარი ორმოები დატოვა ,,ბუნებისმოყვარულმა“ ივანიშვილმა აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში.

ადგილები, სადაც ოდესღაც ასწლოვანი ხეები იდგა, ისე გამოიყურება, თითქოს ეს ეს არის დაბომბეს. კანონით კი, გარემოზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში ადმინისტრაციულთან ერთად  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დგება.

თუმცა, რა კანონებზე ვსაუბრობთ, როცა თავად გარემოს დაცვის მინისტრი ასე უცერემონიოდ და სამარცხვინოდ ,,აპრავებს“ ივანიშვილის გართობის სანაცვლოდ აყრილ ლიანდაგებსა და შეჩერებულ მატარებლებს, ჩაჭრილ ელექტროსადენებსა და საათობით გადაკეტილ საავტომობილო გზებს, ათასობით მოჭრილ ხესა და ასწლოვანი ხეების ადგილას დარჩენილ უზარმაზარ ღრმულებს”, – აღნიშნავს თამთა შამათავა.

 

ცნობისათვის მინისტრის განცხადება:

„უხერხულია სპეკულირება ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხით, რომელიც საქართველოში უნიკალური დენდროლოგიური პარკის შექმნას უკავშირდება. ბატონი ბიძინას დამსახურებით, ჩვენს ქვეყანაში იქნება დენდროლოგიური პარკი ასწლოვანი სხვადასხვა უნიკალური ჯიშის მცენარეებით. რაც შეეხება ასწლოვანი ხეების ტრანსპორტირების პროცესს, ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მთავარია, ხე-მცენარეების გადატანა კანონის სრული დაცვით ხორციელდებოდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული