შაბათი, აპრილი 27, 2024

პირობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ხალხს მოგვცა “სრულდება”…

„არ შეიძლება ხელისუფლებაში დაბალი განვითარების ადამიანების დაშვება,
რადგან ისინი ქვეყანას თავიანთ დონემდე დაიყვანენ“
შარლ დე გოლი

სხვადასხვა კვლევების მიხედვით, რომელსაც საქართველოში პერიოდულად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ  ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყანაში არსებულ პრობლემების პირველ სამეულში უმუშევრობას,  სიღარიბესა და ინფლაციას განიხილავს.  საქსტატის მონაცემებიც  1.939 მლნ. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან 245.7 ათასი ადამიანი უმუშევარია, ხოლო 833.4 ათასი მოქალაქე თვითდასაქმებულია, რომელთა თვიური შემოსავალი ქალაქში 131 ლარს, ხოლო სოფლად – 69 ლარს შედგენს. რაც საარსებო მინიმუმზე დაბალია. გამოდის, რომ დღეისთვის სულ მცირე 1 მლნ. ადამიანზე მეტი ეძებს სამუშაოს. მოსახლეობის 33% მზად არის 500 ლარიან სამსახურში იმუშავოს, მაგრამ სამუშაო ადგილებს ვერ ნახულობენ. ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. მოსახლეობის 60-65% წამალს ვერ ყიდულობს და ექიმთან ვერ მიდის უსახსრობის გამო. ნახევარი მილიონი ადამიანი მზად არის სახელმწიფოსგან მიიღოს 30-60 ლარიანი დახმარება. სოციალური ფონი ქვეყნაში ყოველწლიურად მძიმდება, მოსახლეობის დიდი ნაწილი სანაგვე ურნებში ეძებს საკვებს, რომ შიმშილით არ დაიხოცნენ.

რას აკეთებს მართველი პარტია და მთავრობა აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად? დავიწყოთ იმითი, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველომ“ და მისმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს 100 მსხვილი საწარმოს გახსნა დაუანონსა. სამუშაო ადგილების შექმნა, განვითარებული სოფლის მეურნეობა, იაფი ფული, საწვავი, წამლები, ბუნებრივი აირი. ეს და სხვა დაპირებები წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ უხვად დაარიგა.

“რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას და მის ტემპებს, პირველი წელიწადი იქნება რთული, მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი” – ასეთი განცხადება მოვისმინეთ პრემიერი ბიძინა ივანიშვილისგან. მოგვიანებით, ქართული ოცნების ლიდერმა უკან წაიღო საკუთარი სიტყვები და განაცხადა, რომ მსგავსი რამ არასოდეს არ უთქვამს.

ქართული ოცნებისთვის კრიტიკულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილი კვლავ წარსდგა საზოგადოების წინაშე და მორიგი პირობა დადო, რომ ერთ წელიწადში სიტუაციას დაალაგებდა. თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობდა „დალაგებაში“ ან რის დალაგებას აპირებდა (პარტიაში, ეკონომიკაში, სასამართლოში თუ მთლიანად ქვეყანაში) მას არ დაუკონკრეტებია. გავიდა ერთ წელზე მეტი და სიტუაცია სტაბილურად მძიმეა.

მეტიც ა/წ-ის 27 ნოემბერს იმედის არხზე ნიკა ლალიაშვილს საავტორო გადაცემა “SWOT ანალიზში” ბიძინა ივანიშვილის  ვრცელი ინტერვიუ ვიხილეთ. სადაც მან განაცხადა, რომ ვერ იხსენებს ისეთ დაპირებას, რომელიც მოსახლეობას მისცა და არ შეუსრულებია. ასევე მან აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში იგი ვერ ხედავს უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში იმის პერსპექტივას, რომ 2 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნას. მაგრამ გამოსავალი არის. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ევროპის შრომის ბაზრების ათვისება, ჩვენი მოქალაქეების პროფესიული გადამზადება და იაფი ავიარეისებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა დააფინანსებს, მათი გაყვანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ სამუშაოდ. მას მტკიცედ სწამს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებს დაკარგულ ღირსებას დაუბრუნებს, ხოლო სპეკულაციური საუბრები საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

„თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ქვეყნებთან გერმანია, საფრანგეთი და სხვა განვითარებული ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები უფრო რთულია, მაგრამ იქ კიდევ უფრო მაღალია ანაზღაურება, ხელფასები, ისრაელთანაც ამას ვახერხებთ. ლეგალურად გადავამზადებთ აქ ჩვენს სასწავლებლებში რაც სჭირდებათ მინიმალური ენაც 2-3 თვეში და მივავლენთ სამუშაოდ. დაახლოებით, რომ წარმოიდგინოთ, იაფი რეისები დღეს ქუთაისიდანაც არის, ამას მთავრობა ასუბსიდირებს. გავზრდით ამ ნაწილს, 30-35 ევროდ შეიძლება პარიზიდან ჩამოხვიდე თბილისში, თუ ქუთაისში. და აღსდგება ის რაც დღეს არის და აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჯერ ღირსეულად ჩავა, როგორც გერმანელი ისევე დასაქმდება, ის არავის არ დაემალება, ფარული არ იქნება და მოპარული, გაფორმებული ექნება ეს კონტრაქტი და დასაქმდება ფორმალურად, თუ კვირაში ერჯერ არა თვეში ორჯერ თვეში ერჯერ მაინც მინიმუმ შეიძლება ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ოჯახი და მოეფეროს თავის საყვარელ სამშობლოს. თითქოს საამაყო არ არის, როგორ გარეთ გაგყავს? რეალობა ეს არის ნიკა, 2 მლნ. სამუშაო ადგილს ვერც 10 წელიწადში და ვერ 20 წელიწადში საქართველოში ვერანაირი ეკონომიკა ვერ შექმნის. ამიტომ სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ, მაგრამ ხალხს ღირსება დავუბრუნოთ“.

ანუ რას გვეუბნება ამით ბიძინა ივანიშვილი? თავდაპირველად ჩვენთვის მოცემული პირობა საუკეთესო მეოთხე წელზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებზე უნდა ასახულიყო რეალური დაპირება იყო და არა ტყუილი, როგორც ეს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს სურთ, რომ მონათლონ. ჩვენი „ქართული ოცნების“ ასრულებას არა აქ საქართველოში არამედ შუაგულ ევროპაში უნდა ველოდეთ. და ძალიან გთხოვთ ნუ გაიკვირვებთ. ჩვენ შეიძლება ასე გავიგეთ, რომ კარგად საქართველოში უნდა გვეცხოვრა, მაგრამ განა ვინმეს თუნდაც სიტყვა დასცდენია ამაზე? იყო პირობა უკეთესად ცხოვრების, მაგრამ კერძოდ სად არავის დაუკონკრეტებია. პარიზსა და ლონდონშიც მშვენივრად მოვახერხებთ ამას. ევროპაში დიდი ქარხნებიც მუშაობს, საუკეთესო ჯანდაცვაც არის, ბანკში დაბალ პროცენტად კრედიტის გამოტანასაც შევძლებთ, დაფასებული სიბერეც გვექნება და ჩვენი შვილებიც შესანიშნავ განათლებას მიიღებენ. საქართველოში ასეთ შედეგის მისაღწევად (მითუმეტეს ამ მთავრობის პირობებში) კიდევ 20 წელიც კი არ გვეყოფა. ასე, რომ ხალხისთვის მიცემული პირობა სრულდება. მეტიც ამ პირობას ბონუსად უფასო გადამზადება და იაფი ავიაბილეთიც მოყვება.

მეორე პირობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ხალხს მოგვცა და კიდევაც შეასრულა, ზუსტად ერთი წლის თავზე ყველაფრის მოგვარება იყო. 2 მილიონი ადამიანის ევროპაში გაშვებით განა ყველა პრობლემა არ მოგვარდება. ქვეყანაში შემცირდება ღარიბი და მშიერი ადამიანების რიცხვი; ხალხის პარალელურად შემცირდება უმუშევრობა; ქალაქის ქუჩები განიტვირთება მანქანის საცობებისგან; სოფლები, რომ დაცარიელდება აღარ იქნება საჭირო ახალი გზების, სასმელი წყლის, ბუნებრივი აირის, ინტერნეტის გაყვანა, დაიზოგება ბიუჯეტის ფული; კიდევ უფრო გასუფთავდება ჰაერი აბასთუმანსა და წყალტუბოში; მოიკლებს უკმაყოფილო ამომრჩევლების რიცხვი, ბოლოსდაბოლოს აღარ გადაიკეტება თბილისის ცენტრალური ქუჩები პროტესტის მონაწილეების მხრიდან, ვეღარ ვნახავთ რკინის ბარიკადებს პარლამენტთან; საჭიროება აღარ იქნება სამთავრობო ტელეარხებზე სიცრიუს ტირაჟირებისა; და რა ვიცით კიდევ რამდენ „სიკეთეს’“ უნდა ველოდოთ ამ ახალი ინიციატივისაგან, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რევოლუციური უწოდა.

ეს ყველაფერი გასაგებია ბატონო ბიძინა იმიტომ, რომ ერთი წამითაც კი არ შეგვპარვია ეჭვი  თქვენი ჩვენდამი ზრახვების გულწფელობაში. გაუგებარია სხვა რამ საკუთარი სამშობლოდან გადახვეწილმა ადამიანებმა, რომელთა წინაპრებსაც ამ მიწაზე 25 საუკუნე უცხოვრიათ, როგორ უნდა დაიბრუნონ, როგორც თქვენ ამბობთ, დაკარგული ღირსება უცხო მიწაზე, სახლიდან შორს? რას ვეუბნებით ერს, რომელსაც უძველესი ენა და უნიკალური დამწერლობა გააჩნია რომელზეც  შოთას, ტატოს, აკაკის, ილიას, ვაჟას, გალაქტიონის შემოქმედება იწრთობოდა, დაივიწყონ საკუთარი და იაზროვნონ სხვა ენაზე? რატომ ვუსპობთ ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობას, რომ მომავალ თაობებს ისევე დაუტოვონ რაიმე ღირებული, როგორც ამას თავის დროზე ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ? ამის კარგი მაგალითია სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, ბოლნისის სიონი, გელათი, ვარძია, უფლისციხე. რა გვინდა, რა არის ჩვენი საერთო მიზანი, რომ დავით აღმაშენებელის, გიორგი ბრწყინვალეს, დემეტრე თავდადებულის, პატარა კახის შთამომავლებს ჰქონდეთ საკუთარი სახელმწიფო, თუ იარონ მთელს მსოფლიოში მიუსაფარნი? და ბოლოს ქართველი კაცისთვის საკუთარი სამშობლო, როგორც ხისთვის ფესვები ისეა. როგორც კი მოაჭრი ძირში გახმება და გადაშენდება.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული