შაბათი, აპრილი 20, 2024

გუშინდელ აგრესიას ჩვენ მშვიდობიანი მსვლელობით ვპასუხობთ, სწორედ ამაშია ძალა – გიორგი ვაშაძე

ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები, მცხეთაში სვეტიცხოველთან შეიკრიბნენ, საიდანაც მშვიდობიანი მსვლელობით გამგეობის შენობასთან მივიდნენ, რათა გაეპროტესტებინათ ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ქალაქში გუშინ სასტიკად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც პროტესტის გამოსახატად მივიდნენ მერიასთან.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და მხარდამჭერებს მერიასთან ადგილობრივი ხელისუფლების მხარდამჭერები დახვდნენ, რომლებსაც სიტყით მიმართა “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და მათ საქართველოს ჰიმნის ერთად შესრულებაც შესთავაზა:

„მოვუწოდებ ყველა აქ შეკრებილ მოქალაქეს, ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი. ერთად გავაპროტესტოთ ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება. მოგიწოდებთ, რომ გავერთინდეთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის.

მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება. გუშინდელ აგრესიას ჩვენ მშვიდობიანი მსვლელობით ვპასუხობთ. სწორედ ამაშია ძალა. მათ დესტრუქციულ, მართლაც თავზეხელაღებულ, კანონგარეშე ქმედებას ჩვენ კანონის შესაბამისად, მშვიდობიანი მსვლელობით ვპასუხობთ. ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენ ისინი ვერ გამოგვიწვევენ დაპირისპირებაში. ისინი უბრალოდ აჩვენებენ თავის რეალურ სახეს.

ვისთან გვაქვს საქმე – ადამიანებთან, რომლებიც ჩაბღაუჭებულები არიან თავიანთ თანამდებობას და იმის იქით ვერაფერს ვერ ხედავენ. ჩვენ კი ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და არც ერთ შემთხვევაში, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ ვაკადრებთ იმას, რომ ხელი შეუბრუნონ ამ, მართლაც, თავზეხელაღებულ ადამიანებს.

პირდაპირ გეუბნებით, დამარტყამენ ხელს, მე ხელის შებრუნებას არ ვაპირებ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული