უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

0

ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ გაკეთებული განცხადებებისა და მოწოდებების შემდეგ კვირას, 16 ივნისს, თბილისში ვერის ბაღში შეკრებილებმა მიიღეს გადაწყვეტილება შექმნან ე.წ. მოხალისეთა რაზმები – ათეულები, ასეულები, ათასეულები და მოახდინონ პატრულირება, რათა არ დაუშვან ლგბტ აქტივისტების შეკრებები და აქტიურობები.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს:

უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება.

ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება“.