ნანა ტოხვაძე: “ქვეყნის ხელისუფლებაში უნდა ვიხილოთ საზოგადოების ინტერესთა ფართო წარმომადგენლობა”

0

18 მარტს, თბილისში, ევროკავშირისა და ნიდერლანდების საერთაშორისო ინსტიტუტის დაფინანსებითა და აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ორგანიზებით, ოთხი ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. მრავალპარტიული დიალოგის ფორმატში საქართველომ უმასპინძლა უკრაინის, მოლდოვისა და ყირგიზეთის სამთავრობო თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ღონისძიების უმთავრეს მიზანს ამ ქვეყნების დემოკრატიული განვითარებისა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა წარმოადგენდა.

“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” წარმომადგენელმა, ნანა ტოხვაძემ უცხოელ კოლეგებს გააცნო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” სამომავლო გეგმები.

ქვეყანაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ნათლად დაგვანახა საარჩევნო სისტემაში არსებული სერიოზული პრობლემები. ადმინისტრაციული რესურსისა თუ “შავი ფული”-ს გამოყენებამ, დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებმა ძალზე ნეგატიური როლი ითამაშა საარჩევნო გარემოზე. სერიოზული ხარვეზები და პრობლემები იყო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას თუ მათი საქმიანობის მხრივ. პრობლემები მრავლად დააფიქსირეს ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმაც.

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ პროცესში და  ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად, დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად, საზოგადოებას სთავაზობს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას:

1. საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობიდან გამომდინარე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის შესაბამისი პროცედურების დაწყება;

2. პროდასავლური ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ტენდენციის გაგრძელება და 11 ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი გაერთიანების ხედვების შესაბამისად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა;

3. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გარდამტეხი მნიშვნელობიდან გამომდინარე,პოლიტიკური პროცესების ისე წარმართვა, რათა საქართველოში შეიცვალოს ერთპარტიული მმართველობის მავნე ტრადიცია.

ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა ვიხილოთ საზოგადოების ინტერესთა ფართო წარმომადგენლობა და ამ გზით დამკვიდრდეს მრავალპარტიული, დემოკრატიული მმართველობის პრინციპი” – აღნიშნა ნანა ტოხვაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, “ევროპული საქართველოდან“, “ახალი საქართველოდან” და “სამოქალაქო მოძრაობიდან“.