ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს – საქართველოს საპატრიარქო

1

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და შესაბამისად უმწვავესი შეფასებები მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ისტორიის თავისებურად ინტერპრეტირებულად, დამახინჯებულად და გაყალბებულად გაჟღერებას. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საპატრიარქოც:

ა.წ. 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ბატონ ვლადიმერ პუტინის მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არც თუ ისე შორეული წარსულის არასწორმა ინტერპრეტაციამ ჩვენს ხალხში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ამგვარი დამახინჯება ისტორიული ფაქტებისა, არსებული კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება ერთგვარ გამოწვევად უნდა იქცეს საქართველოს სახელმწიფოს, ქართველი მეცნიერებისა და თითოეული ჩვენგანისათვის და განხორციელდეს სწრაფი რეაგირება, რათა, როგორც ჩვენი ქვეყნის ზოგადი ისტორიის, ისე მისი ცალკეული ეტაპების შესახებ არსებული სამეცნიერო გამოკვლევები და პოპულარული ენით დაწერილი მასალაც მსოფლიოში გასავრცელებლად კვალიფიციურად შეირჩეს და დროულად ითარგმნოს ინგლისურ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე.

>ამ პროცესში კი ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. ასევე, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებთან დისკუსიები პრობლემურ საკითხებზე.

საქართველოს საპატრიარქო მზად არის, ისტორიულ რეალობებზე მსჯელობისათვის კონფერენციებისა და შეხვედრების მოწყობაში ყველა მხარეს შეუწყოს ხელი.

კომენტარები