თამარ ჟვანია: “არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესიც და ხმის დათვლის პროცედურებიც შეფასდა დადებითად”

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა.

შემაჯამებელი ოქმი სხდომაზე კომისიის წევრებს ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა წარუდგინა. ოქმის თანახმად, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ს შეადგენდა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 988 787-მა ამომრჩეველმა. ბათილად მიჩნეულ ბიულეტენთა რაოდენობამ 59 778 შეადგინა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შემდეგია:

№5 გრიგოლ ვაშაძე – 780 680 ხმა (40.48%)
№48 სალომე ზურაბიშვილი – 1 147 701 ხმა (59.52%)

საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია სალომე ზურაბიშვილი.

დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეფასდა დადებითად, კონკრეტულად კი არჩევნების დღეს – კენჭისყრის პროცესიც და ხმის დათვლის პროცედურებიც. სიტყვით გამოსვლისას, ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამომრჩევლების გადაწყვეტილების მნიშვნელობას, – “თითოეული ამომრჩევლის აზრი და გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, როგორც კომისიის წევრებს, გვმართებს ამომრჩევლის პატივისცემა. ამდენად მე ამ არჩევნების შედეგებს, ამ ამომრჩევლის აზრს ვცემ პატივს და ვეთანხმები იმ შედეგებს და იმ ნებას, რაც ამომრჩეველმა გამოხატა. მითუმეტეს, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შედეგები და შედეგების ლეგიტიმაცია არცერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია“,- აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მადლობა გადაუხადა საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს – საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებსა და მედიას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *