ზაზა სარალიძე: “ყოველ დღე გეძებ, მაგრამ მხოლოდ შენს ფოტოებს და ნივთებს ვაწყდები ყველგან, მას შემდეგ”

1 წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა სრულიად საქართველო, ხოლო მას შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულმა ცალკეულმა ქმედებებმა და შვილმოკლული მშობლების მრავალთვიანმა საპროტესტო აქციებმა სერიოზული კვალი დატოვეს ქვეყნის ცხოვრებაში.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას იხსენებს  და საზოგადოებას თავის ტკივილზე მოუთხრობს მოკლული დათო სარალიძის მამა.

ერთი წელი გავიდა იმ დაწყევლილი დღიდან მამი როცა ბოლოჯერ ვილაპარაკეთ, მას მერე შენი ხმა აღარ გამიგონია, მას მერე ყოველდღე გეძებ შენს ოთახში, ყოველ დღე გეძებ მაგრამ მხოლოდ შენს ფოტოებს და ნივთებს ვაწყდები ყველგან, მას შემდეგ…

შენთან ერთად დაიმარხა და დასამარდა ყველაფერი რაც მახარებდა. იმ დაწყევლილ დღეს ჩაქრა შენი სიცოცხლე და თან წაიღე ჩვენიც…

ერთი წელი გავიდა მამი და შენი მკვლელები საქართველოს ხელისუფლებამ შეიფარა, ხელისუფლებამ დღეს შენი სახელის გადათელვა გადაწყვიტა, მაგრამ დაავიწყდათ რომ მე შენთან ვარ და შენი სახელისთვის მზად ვარ ჩემი თავი შენ გაჩუქო.

შენთან ერთად გაქრა 2017 წლის 1 დეკემბერს ის საქართველო რომელმაც შენ გაგწირა.

პირობას გაძლევ მამი, არ შევარჩენ არავის შენი სახელის შელახვას, ან ჩემი თვალით ვნახავ ყველას განადგურებას ან შენთან მოვალ ძალიან მალე. უშენოდ სიცოცხლეს აზრი ვერ მოვუძებნე მამი ამ დაწყევლილ ქვეყანაში.

მიყვარხარ და მენატრები მამი.

უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი და მე მალე მანახოს გზა რომელიც შენამდე მოდის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *