ორგანიზაცია “Justice International”-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნიკა ჯეირანაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე შეფასებას აძლევს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს და მასთან მიმართებაში პუნქტობრივად აყალიბებს ჰააგის სასამართლოს როლსა და მნიშვნელობას:

ბოლო დღეების დისკუსიები, როგორც პარლამენტში, ისე ტელევიზიაში, რადიოში და სოციალურ ქსელებში, ნათლად წარმოაჩენს თუ როგორი მცირე ინფორმაცია აქვს საზოგადოებას ამ საკითხზე, ამიტომ იქმნება ძალიან ბევრი გაუგებრობები.
ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ და ადამიანურ ენაზე ავხსნა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი და შემდეგ თქვენ განსაჯეთ რა სიტუაციაში ვიმყოფებით:
1. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ ჰააგაში არის რამდენიმე სასამართლო, მათ შორისაა: სიერა ლეონის (SCSL), ლიბანის ტრიბუნალი (STL), ყოფილი იუგოსლავიის ტრიბუნალი (ICTY), მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო (PGA), საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედი სასამართლო (PCIJ), ასევეა ე.წ. გაეროს საერთაშორისო სასამართლო (ICJ), რომელიც ქვეყნებს შორის დავებს განიხილავს. სხვათაშორის ამ სასამართლოში ჰქონდა საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა 2011 წელს სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.
მოკლედ ბევრი სასამართლოა, რაც იწვევს გაუგებრობას, მათ შორის პოლიტიკოსებში, რომლებსაც წესით ალბათ უნდათ ესმოდეთ ეს განსხვავებები, თუმცა დებატებს თუ ადევნებდით თვალყურს მიხვდებოდით, რომ ერთმანეთში ერევათ ეს სასამართლოები.
2. როდესაც ვსაუბრობთ ჰააგის სასამართლოს მიერ დაწყებულ 2008 წლის ომის გამოძიებაზე, საუბარია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე – International Criminal Court (ICC). ეს არის საერთაშორისო სასამართლო, თუ გნებავთ დავარქვათ მსოფლიო სასამართლო, რომელიც განიხილავს არა ქვეყნებს შორის დავას, არამედ ადგენს კონფლიქტების/ომების დროს ჩადენილ დანაშაულებზე ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას. ანუ კონკრეტული ადამიანების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს და არა ქვეყნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ესენი შეიძლება იყვნენ: სამხედროები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო პირები – ნებისმიერი, ვინც შეიძლება კონფლიქტის/ომის დროს მონაწილეობა მიიღო კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში და განსაკუთრებით კი ის ხალხი, ვინც გასცემდა ბრძანებებს/მითითებებს, რის შედეგადაც მოხდა შემდეგ დანაშაულების ჩადენა.
3. როგორ დაიწყო გამოძიება 2008 წლის ამბებზე?
ჰააგის სასამართლომ გამოძიება შეიძლება დაიწყოს 3 გზით: სასამართლოს წევრმა ქვეყანამ შეიძლება მიმართოს სასამართლოს გამოძიების დაწყების თხოვნით – მაგალითად საქართველოს ყოფილ ან ამჟამინდელ ხელისუფლებას შეეძლოთ მიემართათ ჰააგის სასამართლოსთვის და ეთხოვათ გამოძიების დაწყება. არცერთ ხელისუფლებას ეს არ გაუკეთებია!
მეორე გზა არის, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მიმართოს სასამართლოს გამოძიების დაწყების თხოვნით – ესეც არ მომხდარა ჩვენ შემთხვევაში.
მესამე გზა არის, როდესაც სასამართლოს პროკურორი თავად გადაწყვეტს, რომ დაიწყოს გამოძიება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არ იძიებს ან ვერ იძიებს კონფლიქტის/ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს.
ჩვენს შემთხვევაში მოხდა სწორედ ეს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, ქალბატონმა ფატუ ბენსუდამ მიიღო წერილი საქართველოს იუსტიციის მინისტრისგან, ქალბატონი თეა წულუკიანისგან, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველო აჩერებს ადგილობრივ დონეზე გამოძიებას. ამან თავის მხრივ გადაწყვიტა ის, რომ 2015 წლის ოქტომბერში ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, მოითხოვა საქართველოს სიტუაციაზე (ანუ 2008 წლის ომზე) გამოძიების დაწყება. ანუ მარტივად რომ ვთქვათ პრინციპი ასეთია: ჰააგა არ ერთვება სანამ შენ ადგილობრივ დონეზე იძიებ დანაშაულებს, თუმცა ვინაიდან საქართველომ უთხრა, რომ შეაჩერა გამოძიება, ჰააგამ გადაწყვიტა ჩაერთოს ამ პროცესში და თავად გამოიძიოს რა მოხდა.
4. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გამოძიება?
ეს ნიშნავს იმას, რომ ჰააგის სასამართლოს გამომძიებლები თავად ჩამოდიან საქართველოში და შეისწავლიან ადგილზე სიტუაციას; ისინი თავად აწარმოებენ მთელ რიგ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის: მოწმეთა დაკითხვას, ჩვენებების აღებას, სხვადასხვა მასალების მოგროვებას, ა.შ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ვინაიდან სხვა სასამართლოებისგან განსხვავებით, სადაც სიტყვაზე ქვეყნები აგზავნიან სარჩელს და სხვადასხვა მასალებს, რომლებსაც შემდგომ სასამართლო შეისწავლის, ჰააგის სასამართლოს შემთხვევაში არ ხდება ქვეყნების სარჩელების განხილვა, არამედ სასამართლო განიხილავს იმ მასალებს, რასაც თავად ამ სასამართლოს გამომძიებლები წარუდგენენ მოსამართლეებს! ეს პროცესი არის სრულიად კონფიდენციალური და რა მასალებს წარადგენენ ჰააგის გამომძიებლები და ვის წინააღმდეგ ეს გახდება ცნობილი მხოლოდ უშუალოდ სასამართლო პროცესზე, ანუ როდესაც დაიწყება კონკრეტული პირების წინააღმდეგ სასამართლო დარბაზში საქმის განხილვა.
5. რას იძიებს ჰააგის სასამართლო?
2008 წლის ომთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლო იძიებს მთელ რიგ დანაშაულებს, მათ შორისაა: მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, დევნა, სექსუალური ძალადობა, წამება, სამოქალაქო პირების დაკავება. დანაშაულების ამ ტიპს ქვია ადამიანურობის (კაცობრიობის) წინააღმდეგ დანაშაულები.
ჰააგის სასამართლო ასევე იძიებს: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, განზრახ მკვლელობას, სამშვიდობოებზე განზრახ თავდასხმას, ქონების განადგურებას და ძარცვას. დანაშაულების ამ ტიპს ქვია ომის დანაშაულები.
6. რითია საქართველოს სიტუაცია (2008 წლის ომის გამოძიება) ჰააგის სასამართლოსთვის განსაკუთრებული?
a. ჰააგის სასამართლოს მთელი მისი არსებობის მანძილზე მოუწია მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე მუშაობა. საქართველო პირველი ქვეყანაა აფრიკის გარეთ, რომელზეც ჰააგის სასამართლო მუშაობს. კიდევ ერთხელ დააკვირდით, რომ იგივე ყოფილი იუგოსლავიის საქმეები გამოიძია ჰააგაში არსებულმა სხვა სასამართლომ, კერძოდ ICTY, ანუ იუგოსლავიის ტრიბუნალმა და არა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC), რომელიც იძიებს 2008 წლის ამბებს.
b. საქართველოს სიტუაცია ერთადერთია, რომელიც საერთაშორისო ომს ეხება. აქამდე ჰააგის სასამართლოს არცერთი საერთაშორისო ომის დროს ჩადენილი დანაშაულები არ გამოუძიებია. ყველა სხვა შემთხვევა ეხებოდა ქვეყნის შიგნით, ადგილობრივ დაჯგუფებებსა და სახელისუფლებო ძალებს შორის კონფლიქტებს.
c. ჰააგის სასამართლოს აქამდე ძირითადად უწევდა ისეთი სიტუაციების გამოძიება, რომლებიც მოიცავდა გამოძიების დაწყებამდე 1-2 წლით ადრე ჩადენილ დანაშაულებს. ჩვენს შემთხვევაში, ჰააგის სასამართლოს გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით 8 წელი იყო უკვე გასული ომიდან.
d. ჰააგის სასამართლოს პირველად უწევს ისეთი სიტუაციის გამოძიება, რომელშიც მეორე მხარე გახლავთ საკმაოდ გავლენიანი ქვეყანა – რუსეთი, რომელიც ამავდროულად არის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, თუმცა არ არის ჰააგის სასამართლოს წევრი ქვეყანა და არ თანამშრომლობს ამ სასამართლოსთან.
შესაბამისად, საქართველოს სიტუაციის გამოძიება უკვე პრეცედენტულია ჰააგის სასამართლოსთვის და იგი სერიოზულ გავლენას მოახდენს მთელ რიგ ქვეყნებზე, რომლებიც ელოდებიან ჰააგის სასამართლოს გამოძიებას, მათ შორის: უკრაინაზე, ავღანეთზე, პალესტინაზე და სხვა ქვეყნებზე.
7. ამჟამად რა ეტაპზეა პროცესი?
3 წელია უკვე რაც მიმდინარეობს ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის ამბების გამოძიება. როგორც ზემოთ დავწერე, ამ დროის განმავლობაში ბევრი საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა. ეს საგამოძიებო მოქმედებები არის სრულიად კონფიდენციალური, შესაბამისად საზოგადოება არ იღებს ინფორმაციას ამ პროცესზე. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე კონკრეტული პირების წინააღმდეგ დაკავების ორდერების გაცემა. ანუ ჰააგის სასამართლო კონკრეტული ადამიანების დაკავებას მოითხოვს და სასამართლოსთვის გადაცემას, რათა შემდეგ უკვე დაიწყოს უშუალოდ სასამართლო განხილვები ჰააგაში და მოსამართლეებმა დაადგინონ მართლაც ჩაიდინეს თუ არა ამ ადამიანებმა დანაშაულები, ან გასცეს თუ არა ისეთი ბრძანებები/მითითებები, რამაც შემდეგ გამოიწვია დანაშაულების ჩადენა.
8. ვისზე შეიძლება გასცეს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერები?
სასამართლოს გამოკვეთილი ჰყავს 2008 წლის ომში მონაწილე 3 მხარე: საქართველოს და რუსეთის შეიარაღებული ძალები, და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებები. ეს ნიშნავს, რომ დაკავების ორდერები შეიძლება გაიცეს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეებზე.
ჰააგის სასამართლოს პოლიტიკა ასეთია – სასამართლო ცდილობს გავიდეს არა უშუალოდ დანაშაულების ჩამდენ პირებზე, მაგალითად რიგით ჯარისკაცებზე, არამედ რაც შეიძლება მაღალი თანამდებობის მქონე პირებზე, ანუ იმ ადამიანებზე ვინც უშუალოდ გასცეს ბრძანებები/მითითებები დანაშაულების ჩადენაზე.
ესენი შეიძლება იყვნენ სამხედრო მოხელეები, მაგალითად: გენ. შტაბის უფროსი, გენერლები, ა.შ., ასევე შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები, მაგალითად: მთავრობის წევრი, პარლამენტარი, პრეზიდენტი, ა.შ., და ასევე ნებისმიერი სხვა პირი, მაგალითად ჟურნალისტები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყვეს ომის გაღვივებას და დანაშაულების ჩადენას.
9. როგორ ხდება იმ პირების დაკავება, რომლებზეც გაიცემა დაკავების ორდერები?
ჰააგის სასამართლოს არ ჰყავს საკუთარი ჯარი, ან პოლიცია, რომლის საშუალებითაც დააკავებდა ამ ადამიანებს. შესაბამისად სასამართლო დამოკიდებულია წევრ სახელმწიფოებზე და პარტნიორებზე, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ წევრი სახელმწიფოები, მაგრამ თანამშრომლობენ სასამართლოსთან.
საქართველოს მოქალაქეებზე დაკავების ორდერების შემთხვევაში – საქართველო ვალდებული იქნება დააკავოს ეს ადამიანები და გადასცეს სასამართლოს.
რუსეთის მოქალაქეებზე დაკავების ორდერების შემთხვევაში – რუსეთი არ არის სასამართლოს წევრი ქვეყანა, არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, დასაწყისიდანვე არ უცხადებს ნდობას ამ გამოძიებას და არ აქვს ის ვალდებულებები რაც საქართველოს გააჩნია. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით რუსეთი არ გადასცემს თავის მოქალაქეებს ჰააგას. თუმცა, არსებობს მეორე გზა, ასეთ შემთხვევაში ეს ადამიანები შეიძლება დაკავებულ იქნან რუსეთის გარეთ, როდესაც ისინი გადაკვეთენ ჰააგის სასამართლოს რომელიმე წევრი ქვეყნის საზღვარს. სულ მსოფლიოს 123 ქვეყანაა ჰააგის სასამართლოს წევრი.