დავით ნებიერიძე: “ძალზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში უმკაცრესი ფინანსური დისციპლინის უზრუნველყოფა”

ინფლაციით გამოწვეულ შედეგებთან დაკავშირებით სააგენტო “პარალელმა”, გასულ თვეში, უკვე გამოაქვეყნა კვლევებზე დაყრდნობით მომზადებული ანალიტიკური მასალა, ამჟამად გადავწყვიტეთ გაგვეგო დარგის ექსპერტის მოსაზრებები, შეფასებები და აღნიშნულ საკითხებზე სააგენტო „პარალელის“ ანალიტიკოსი, ალექსი ნონიაძე, ესაუბრა ეკონომიკის ექსპერტს დავით ნებიერიძეს:

 

ბატონო დავით, NDI კვლევების თანახმად პრობლემების სამეულში, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ყველაზე მეტად აღელვებს უმუშევრობისა და სიღარიბის გვერდით, ინფლაცია და მზარდი ფასებიც დასახელდა. თქვენი აზრით რამდენად გამართლებულია მოსახლეობის მოლოდინები?

– მოლოდინები აბსოლუტურად მართებულია. თუმცა, ინფლაციის ზრდის რესურსი ბევრ ფუნდამენტალურ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის გადახდისუნარიანობის დონე. ამ კომპონენტში დაღმავალი ტრენდის პირობებში ძალიან რთულია ინფლაციის თუნდაც საშუალო დონის შენარჩუნება, თუ არ მოხდა ინფლაციის ხელის შემწყობი სხვა მაკროეკონომიკური აგრეგატების გაძლიერება, ისეთების, როგორიცაა ეროვნული ვალუტის კურსის მიზანმიმართულად დასუსტება.

რა განაპირობებს ზოგადად საქართველოში ფასების ზრდას პროდუქციაზე საშინაო თუ საგარეო ფაქტორები?

– ორივე ერთობლივად – საშინაოც და საგარეოც. თუმცა, ეროვნული ბანკისა და მთავრობის პირდაპირი ვალდებულებაა ამ პარამეტრის გეგმური მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნება. განსაკუთრებით მთავრობის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში უმკაცრესი ფინანსური დისციპლინის უზრუნველყოფა.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალი ორჯერ გაიზარდა. რამდენად ახდენს ეს ფაქტორი ინფლაციის მზარდ დინამიკაზე გავლენას?

– საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ზრდა აუცილებლად აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე, ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკაზე გავლით. საგარეო ვალების მომსახურება დიდ ტვირთად აწვება ვალუტის მოთხოვნა მიწოდების ბალანსს ქვეყანაში და ზრდის ზეწოლას ეროვნული ვალუტის კურსზე. ანუ, საგარეო ვალის რადიკალური ზრდა იწვევს ლარის კურსის დასუსტებას, რაც მთავარი აგრეგატია ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში.

წარმატებული ტურისტული სეზონის მიუხედავათ, ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსი მაინც განაგრძობს გაუფასურებას აშშ დოლართან მიმართებაში. თქვენი აზრით რა არის ამის ობიექტური მიზეზი?

– სპეკულიატიური ინტერესები სავალუტო ბაზარზე და არასწორი ფინანსური მენეჯმენტი სახელმწიფო ბიუჯეტთან მიმართებაში. ამის გამო ზარალდება საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი, სოციალურად დაუცველეების ფენა

როგორ შეაფასებდით სახელმწიფოს ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციასთან მიმართებაში და როგორ ფიქრობთ რამდენად პროდუქტიულია მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ურთიერთთანამშრომლობა?

– ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების სტიმულირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინფლაციის „მისაღებ“ დონეზე შენარჩუნება. ანუ, ინფლაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკის სტიმულირებისთვის. მაგრამ, ამის საპირწონედ უაღრესად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა შემოსავლების ზრდის დინამიკის შესაბამის დონეზე შენარჩუნება. რაც მთავარი სუსტი წერტილია მაკროეკონომიკურ მენეჯმენტში, რომელსაც თავს ვერ ართმევს ხელისუფლება და აქ არის მისი მუშაობის მთავარი ჩავარდნა.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *