გიორგი მარგველაშვილი: “სისხლიან 9 წელზე აპელირებდე და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, გაურკვევლობას აღძრავს”

მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს ხელისუფლების მიერ “სისხლიან 9 წელზე” საუბრის პარალელურად ადეიშვილისა და კეზერაშვილის ერთგული თანამშრომლების დაწინაურება. ამ და სხვა თემებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის“ საქმიანობის შედეგების პრეზენტაციაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული კომისია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებდა თავის საქმიანობას.
კომისიის მიზანს წარმოადგენდა 2005-2012 წლებში საქართველოში სისხლის სამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას დაქვემდებარებული (რეპრესირებული) ადვოკატების საქმეების ინდივიდუალური წესით შესწავლა და სისხლის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მარეაბილიტირებელი და ახალი გარემოებების არსებობის შესახებ წერილობითი დასკვნის შედგენა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ადვოკატთა კორპუსს გაწეული სამუშაოსათვის და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, როცა ადვოკატთა კორპუსი სამართლიანობის უზენაეს ღირებულებას ერთგულად ემსახურება. ამავე დროს, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ხელისუფლება სისტემურ დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ლოიალურ მიდგომებში და ქვეყანაში პოლიტიკური დისონანსის შეტანაში დაადანაშაულა.

“ის ადამიანები, ვინც ამას ახორციელებდნენ თვითონ თავიანთი ქმედებით, ხშირ შემთხვევაში არ დაისაჯენ და დაწინაურდნენ. 6 წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დიდი ბოროტებაა, რომელიც ჩვენ ისტორიაში დავტოვეთ და ამავე დროს ამ “ნაციონალური მოძრაობის” ბოროტებების ჩამდენები კარიერულ წინსვლას განიცდიან. ეს ხდება ერთდროულად.

ისტორიას ბევრი კაზუსი ახსოვს, მაგრამ ერთდროულად, მუდმივად აპელირებდე სისხლიან 9 წელიწადზე, მუდმივად საუბრობდე იმ კოშმარებზე, რაც ხდებოდა და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, ეს ის ემოციაა, რომელიც მოქალაქეში უბრალოდ გაურკვევლობას აღძრავს. ამაზე უკეთესი ყველაფერი იქნებოდა. დღეს უკვე კომიკური ვითარებაა. რამდენიმე პლეადა შეიცვალა და ახლა უკვე ადეიშვილის, კეზერაშვილის ერთგული თანამშრომლები პოლიტიკური ტრიბუნებიდან თითს უქნევენ საზოგადოებას და აშინებენ იმითი, რაც იყო “ნაციონალური მოძრაობის” დროს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირადად ის არავის დევნის მომხრე არ არის და რომ საჭიროა ეს დისონანსი დასრულდეს.

“ეს დისონანსი უნდა დაიძლიოს. მე არასდროს ვყოფილვარ რაიმე სახის დევნის მომხრე, არცერთ ჩემს ინიციატივაში, არც განათლების მინისტრობის დროს, არც პარლამენტისათვის “გირგვლიანის შესწორებების“ შეთავაზებისას, რომელიც ამ ადამიანებს მომავალ კარიერას აუკრძალავდა, მაგრამ აი ასეთი პოლიტიკური დისონანსის შექმნა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან არ მესმის რას ვემსახურებით ამ მომენტში”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *