პარასკევი, აპრილი 19, 2024

ხე მადლიერებისა

ერთფეროვანი უდაბნოს უკიდეგანო სივრცე, ბარხანები, ქვიშის ოქროსფერი ტალღები, თავისდაუნებურად, ქმნიან ერთგვარ იდილიას და, თითქოს, საყურადღებო არც არაფერი იქნებოდა, რომ არა უდაბნოს შუაგულში ლაღად ტოტგადაშლილი ხე, რომელიც უდაბნოს, თითქოსდა, ამ სრულყოფილ იდილიას, უცერემონიოდ არღვევს. ირგვლივ მხოლოდ უსიცოცხლო ქვიშა, წვეთს ვერ ნახავს კაცი წყლისას, ვერც ტენიან ადგილს, ხე კი, მაინც, ამაყად დგას, თითქოს მცველი ყოფილიყოს წმინდა ადგილისა. ცხელი მზე, მშრალი უდაბნო, ხე კი სულ იზრდება და იზრდება, განუწყვეტლივ ამოიყრის ხოლმე ახალ-ახალ კვირტებს, ახალ-ახალ ყლორტებს და, სულ უფრო და უფრო, შლის მწვანედ დაფოთლილ ტოტებს.

ყოველდღე, მზისგან დაუნდობლად გახურებულ ქვიშაზე, საჭმლის, წყლისა და ჩრდილის საძიებლად, დაუზარელად გადაირბენ-გადმოირბენს, ხოლმე, ხვლიკი. მართლაც, რომ ერთფეროვანი სჩანს მისი ცხოვრება და ამ ერთფეროვან იდილიასაც თავისებურად არღვევს, სადღაც შორს, ჰორიზონტზე, ბორცვებს იქით მდგარი მწვანედ მოლივლივე ”მირაჟი” და ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება, ყოველდღე, უდიდესი ცნობისმოყვარეობით, შეავლებს ხეს ხვლიკი თვალს. ერთ დღესაც ვეღარ გაუძლო ამ მოზღვავებულ ცნობისმოყვარეობას, სულ გადაავიწყდა საკვებ-სასმელი და გაემართა  ბუნების ამ საოცრების სანახავად.

მივიდა ხესთან, უყურებს მის სიდიადეს და გაოცებული ეკითხება:

– ირგვლის უსიცოცხლო გარემო, არცერთი ხე, წყლის ნატამალსაც ვერსად ნახავ, როგორ ახერხებ ასე გაფურჩქვნას, რომ ცას მიაწვდინო შენი ტოტები?!

– ყველაფერი სულ მარტივადაა, ჩემო კარგო, – პასუხობს ხე. მე განსაკუთრებული სითბოთი და სიამოვნებით მიხსენებს ყველა ის, ვისაც დაუსვენია და შვება უგრძვნია ჩემი ტოტების ჩრდილის ქვეშ, აი მათი ტკბილი მოგონებები მმატებს მე ძალას, მათი ყოველი თბილი სიტყვა მმატებს ენერგიას და მხოლოდ მაშინ შევწყვეტ ზრდას და დავიღუპები, როცა შეწყვეტენ ჩემს გახსენებას, როცა დაივიწყებენ, თუ რა სიყვარულით ეჩურჩულებოდნენ და ეალერსებოდნენ, მათ, ეს ნაზი ფოთლები.

ვერაფერი გაიგო ხვლიკმა ხის ნათქვამიდან…

მთელი გზა, უკან დაბრუნებისას, საკუთარ თავს ლანძღავდა ხვლიკი იმ უგუნურობისათვის, რის გამოც ამხელა გზა განვლო სულ ტყუილად. მცხუნვარე მზე, გავარვარებული ქვიშა, თათები ვერ უძლებენ ამ საშინელ სიცხეს. ერთი წამით შეჩერდა ხვლიკი, უკან მოიხედა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ამ საოცარ ხეს, უცებ გაახსენდა, თუ რა სასიამოვნო იყო მის ჩრდილქვეშ ყოფნა და გზა განაგრძო.

ზუსტად იმავე წამს, ხე-საოცრებაზე, ამოხეთქა ახალმა ყლორტებმა…

ედნარ მგელაძე
2006 წელი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული