პარასკევი, აპრილი 19, 2024

გიორგი მარგველაშვილი: “არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, სხვა ფორმით გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ვალდის ზატლერსთან საჯარო ლექციაზე გააკეთა, რომელსაც სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა შევხვდე ქართველ სტუდენტებს, პროფესურას, საზოგადოებას, რომელსაც ვემსახურებოდი ამ ბოლო, 5 წლის განმავლობაში და სწორედ თქვენთან გავაზიარო ის ძირითადი მიზნები და მიმართულებები, რომლებიც ჩვენ გვექნება მომავალში.
ჩვენთვის ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა, გარკვეული ანგარიშის ჩაბარება და მომავალზე საუბარი იყოს სწორედ საქართველოს რიგით მოქალაქეებთან, ახალგაზრდობასთან იმიტომ, რადგან, როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში, ასევე მანამდეც და მომავალშიც ჩემი სამსახური საქართველოს სამსახური იქნება. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტას, ან სხვა ჯგუფს ვემსახურებოდე. ეს საქმე იწყებოდა თქვენით, საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდება საქართველოს მოქალაქეებით.
მინდა, სწორედ თქვენ გითხრათ იმის შესახებ,თუ რა მნიშვნელოვან პერსპექტივებს ვხედავ ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში, ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად და გაგიზიაროთ ის პოზიციაც, რომ ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს. რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც მინდა გაგიზიაროთ მომავალთან მიმართებაში: პირველი
არის ის, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია როგორი იქნება საქართველო მომავალში. საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობით ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული და იდგეს სწორედ საქართველოს მოქალაქეების სამსახურში.
მეორე – პოლიტიკოსი, რომელიც ამ სამსახურს ჩაუდგება სათავეში, ჩემი აზრით, იგივე მთავარი გამოწვევა აქვს. მისი ერთადერთი შემკვეთი და მისი ერთადერთი ბარომეტრი, თუ როგორ უნდა ემსახუროს და როგორ უნდა იმსახუროს პრეზიდენტად, უნდა იყოთ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები და არა რაიმე, ან ვინმე, სხვა ადამიანი, ან ძალაუფლების მქონე ჯგუფი.
მინდა, ამ თვალსაზრისით, ხაზი გავუსვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს, რომელიც მომავალმა პრეზიდენტმა უნდა აკეთოს, – ეს არის ის, რომ პრეზიდენტის მიზანი უნდა იყოს გააერთიანოს და არა გახლიჩოს ერი. ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ქართველი პოლიტიკოსისთვის. არ უნდა იყოს არცერთი მცდელობა იმისა, რომ ძალიან პატარა ერი დააპირისპიროს ერთმანეთთან. ყველა საშუალება უნდა გამონახო და ყველა ხერხი უნდა იხმარო იმისთვის, რომ ერი ძირითად ღირებულებებზე გაერთიანდეს.
და ამ გაერთიანების პროცესში არ დაკარგო ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნის მთავარი მრავალფეროვნება და განსაკუთრებულობა. ჩვენი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვართ განსხვავებულნი, მაგრამ ამ განსხვავებულობით ვემსახურებით მთავარ ღირებულებას – ჩვენს სამშობლოს და დემოკრატიას.
დღეს მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს, რომელმაც ამ 5 წლის განმავლობაში ძალიან რთული პერიოდი გამოიარა და არც ერთხელ ჩემთვის ამის გამო პრობლემა და დისკომფორტი არ შეუქმნია.
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელიც ამ იდეალებს ემსახურებოდა 5 წლის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში, მე მათგან გამორჩეული მხარდაჭერა მქონდა.
დამიჯერეთ, ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა ერთ ადამიანთანაა დაპირისპირებული და ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, შეარყიოს მისი მმართველობა, და აი ამ რთულ მომენტებში, არა მასმედიით, არა გამოჩენილი თუ აზრის შემქმნელი ადამიანებისგან, არამედ დუშეთისა და თბილისის ქუჩებში ჩემი მთავრი ბარომეტრი იყო ის, როგორ მხვდებოდა ხალხი და ამ განცდით ვრწმუნდებოდი, რომ მე სწორი გზით მივდიოდი თქვენთან ერთად და ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული