ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

რა განსხვავებაა მედიაციასა და სასამართლო პროცესს შორის?

იუსტიციის სამინისტრო განმარტებას იძლევა მედიაციასა და სასამართლო დავას შორის:

ჩვეულებრივი სასამართლო დავისგან განსხვავებით მედიაცია არ ადგენს მტყუანსა და მართალს, გამარჯვებულ და დამარცხებულ მხარეს, ის ითვალისწინებს ორივე მხარის ინტერესებს და ეხმარება მათ, მივიდნენ შეთანხმებამდე. შესაბამისად, მედიაცია მოითხოვს გაცილებით ნაკლებ დროს და ნაკლებ ფინანსურ დანახარჯს, ვიდრე საქმის სასამართლო განხილვა.

მედიაციის შესახებ კანონი გაათავისუფლებს სასამართლოებს მცირე დავებისაგან და მოსამართლე შეძლებს, სწრაფად და ეფექტურად განიხილოს ის საქმეები, რომლებიც სასამართლო განხილვას საჭიროებს. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებისათვის მართლმსაჯულება გახდება უფრო სწრაფი და ხელმისაწვდომი.

მცირე დავების, კერძოდ კი ბიზნესდავების, სამეზობლო დავებისა და შრომითი დავების შემთხვევაში მხარეების ბუნებრივი არჩევანია სწრაფი შეთანხმება და არა ხანგრძლივი, ძვირადღირებული სამართლებრივი კონფლიქტი. მედიაციის მთავარი აზრიც სწორედ ეს არის, სასამართლოსთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად, მარტივად, უკონფლიქტოდ და ნაკლები დანახარჯებით მოაგვაროს მხარეთა შორისი უთანხმოება.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დავების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებისთვის მედიაციის ინსტიტუტი იქმნება.

სამოქალაქო დავების ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმებით, სწრაფად და ეფექტიანად მოსაგვარებლად მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისთვის მყარი საკანონმდებლო ჩარჩო იქმნება. იუსტიციის სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მედიაციის წახალისებისა და მისთვის პირობების შექმნისათვის კანონპროექტი განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს, მისი დაწყების, წარმართვისა და დასრულების წესებს, მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესს, მედიატორის უფლებამოსილებებსა და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული