სამშაბათი, აპრილი 16, 2024

მარტიდან ბავშვის დახმარება შერეული მეთოდით გაიცემა

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იუწყება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლის მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, ბავშვის 50 ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ.

36 მუნიციპალიტეტში, 50 ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი სპეციალურ ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება (თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად შეძლებენ. დარჩენილი 20 ლარი კი ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება. ეს გადაწყვეტილება გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით იქნა მიღებული.
ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილება მრავალფეროვანია. რიგი ქვეყნები დახმარებას სრულად მონეტარული სისტემით გასცემს, ნაწილი კი კვების ვაუჩერს იყენებს. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია შეფასდეს საქართველოს შემთხვევაში, რომელი მექანიზმია უფრო მეტად ორიენტირებული ბავშვების საჭიროებებზე. გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაცია დახმარების გაცემის შერეული მეთოდის შესახებ, სწორედ ამ ფაქტორებით არის განპირობებული. პროექტის პილოტირების მიზანს დახმარების გაცემის იმ მეთოდის დადგენა წარმოადგენს, რომელიც ყველაზე დადებითად აისახება ბავშვების კეთილდღეობაზე. წლის განმავლობაში „UNICEF-ის“ კვალიფიციური ექსპერტები დააკვირდებიან პროცესებს და ჩაატარებენ კვლევას, თუ რომელი მეთოდი იქნება საქართველოს შემთხვევაში უფრო ეფექტიანი.

მუნიციპალიტეტების განსაზღვრა კი „შემთხვევითი შერჩევის“ პრინციპით მოხდა, რაც არის ყველაზე აპრობირებული და გავრცელებული მექანიზმი მსოფლიოში.

ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს ლევან თხელიძეს შეხვდა. მინისტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან საბოლოო კონსულტაციები გაიარა.

ბავშვის კვების ბარათის ასაღებად ბენეფიციარებმა ერთჯერადად უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებ-გვერდზეა www.ssa.gov.ge ხელმისაწვდომი. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505. ბენეფიციარებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ოფისებსაც შეუძლიათ მიმართონ. ასევე ინფორმირებულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

„ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება მარტიდან, საარსებო შემწეობის ჩარიცხვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ბავშვის გახუთმაგებული დახმარების გაცემა 2019 წლის იანვრიდან დაიწყო. თუმცა 2 თვის განმავლობაში ბენეფიციარები 50 ლარს სრულად ფულადი სახით იღებდნენ. ამ დროის განმავლობაში სამინისტრო აქტიურად მუშაობდა პარტნიორ ორგანიზაციებთან და უკვე მარტის თვიდან შესაძლებელი გახდა დახმარების გაცემის შერეული მეთოდის დანერგვა.

ბავშვის 50 ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული