ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

ნანა ტოხვაძე: “განათლების სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება ძალზე დაბალია”

განათლების სექტორში არსებულ ყოველწლიურ ხარჯებზე ამახვილებს ყურადღებას “ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სტატისტიკური მასალა, ნანა ტოხვაძემ, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინა და ასევე წარმოადგინა თავისიშეფასებები განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე.

“დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ჩვენი მოქალაქეები, საკუთარი გადასახადებიდან გაორმაგებულ თანხებს სასკოლო განათლების ხარისხისა და სანდოობის გაუარესებისთვის იხდიან. თუ 2011 წლისთვის მშობლების მიერ ზოგად განათლებაზე, კერძოდ გაწეული ხარჯი წლიურად 300 მილიონი ლარი იყო, რაც საკვების შეძენის შემდეგ, მეორე ყველაზე მსხვილ ხარჯს წარმოადგენდა (თავის მხრივ სახელმწიფოს მიერ განათლებაზე გაწეული ხარჯის 85 %-ს) და მოსწავლეთა 57% ემზადებოდა კერძო რეპეტიტორთან, დღეს ეს რიცხვი გაორმაგებულია.

2018 წლის კვლევის თანახმად, მხოლოდ მე-12 კლასელთა ოჯახების დანახარჯი (მინიმუმ 200 ლარის რეპეტიტორთან გადახდის შემთხვევაში, თუმცა კვლევა ადასტურებს, რომ თანხა მინიმუმ 400 ლარს უახლოვდება) 40-დან 80 მლნ. ლარამდე მერყეობს. შედარებით შეძლებული ოჯახების შვილების (ანუ 700 ლარი და მეტი შემოსავლით) 87% უწევს რეპეტიტორთან მომზადება, ხოლო ოჯახები, რომელთა შემოსავალი 400 ლარია, 36% ცდილობს შვილის განთლების მიღების დამატებითი წყარო იპოვოს.

2011 წლიდან დღემდე გაორმაგებულ და მზარდ ბიუჯეტს “ვასხამთ” ზოგად განათლებაში, თუმცა იგი არ აისახება განათლების მიღწევებზე და დღემდე, განათლების სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება, ძალზე დაბალია.

ამასთან, 2011 წელს მთლიანად განათლების ბიუჯეტი – 549.3 მლნ., 2019 წელს კი -1 მლრდ. 194.6 მლნ.” – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ნანა ტოხვაძემ, ასევე, ისაუბრა “ზოგადი განათლების შესახებ კანონში” შესატან ცვლილებებზე და მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რომ არ შეასრულოს მთავრობისა და, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროს, ინიციატივების ნოტარიულად დამტკიცების ფუნქცია.

“საზოგადოებას აქვს განცდა და სრულიად დამსახურებულადაც, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლება ფიქტიურადაც არ ინტერესდება იმ კვლევის შედეგებით, რომელსაც ბრალდება გამოცდების გაუქმების აუცილებლობა. ქვეყნის სირცხვილია, როდესაც პარლამენტი არ სვამს შეკითხვებს და განათლების სამინისტროს არ სთხოვს ცვლილებების დასაბუთებას. ე.ი. ან “ბრმად ენდობა” საკუთარ მინისტრს ან უპასუხისმგებლოდ ეკიდება საბიუჯეტო სახსრებს და უმრავლესობის პულტისდამჭერთა იმედად გააქვთ ცვლილებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე” – აღნიშნავს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული