პარასკევი, აპრილი 19, 2024

ირმა ინაშვილი: “აჭარაში მასობრივად იხსნება ულიცენზიო რელიგიური პანსიონები და ე.წ. ყურანცენტრები”

განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონტექსტში განიხილავს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი და კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს ხელისუფლებას. მისი მტკიცებით განუკითხაობაა აჭარაში და ულიცენზიო რელიგიური პანსიონები თუ ე.წ. ყურანცენტრები არა საქართველოს ბიუჯეტიდან, არამედ უცხო ქვეყნის (თურქეთის და არაბული ქვეყნების) შავი ფულით ფინანსდება:

 

“ყველამ იცის, რომ დღეს აჭარის რეგიონში მთელი რიგი მიმართულებებით უმძიმესი ვითარებაა შექმნილი, მაგრამ ამჯერად განათლების სფეროს შევეხები. სხვა ასპექტებზე სხვა დროს დავწერ.

ყველამ, პირველ რიგში, მთავრობამ, პარლამენტმაც, ქვეყნის სპეცსამსახურებმა გადასარევად და დეტალებში იციან, რომ აჭარაში ბოლო წლების მანძილზე მასობრივად იხსნება ულიცენზიო რელიგიური პანსიონები და ე.წ. ყურანცენტრები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა განათლების სამინისტროს სპეციალური ნებართვის გარეშეა გახსნილი, ანუ არ ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფოს, მის კანონმდებლობას. ამ სასწავლებლებში სწავლების პროცესს საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები ვერ და არ აკონტროლებენ.

ყველამ იცის ისიც, რომ ეს ულიცენზიო რელიგიური პანსიონები და ე.წ. ყურანცენტრები არა საქართველოს ბიუჯეტიდან, არამედ უცხო ქვეყნის (თურქეთის და არაბული ქვეყნების) შავი ფულით ფინანსდება.

ყველამ იცის, ასევე, რომ კონკრეტულ ჯგუფებს აჭარის რეგიონიდან ახალგაზრდობა მასობრივად მიჰყავს სტამბოლისა და ანკარას (მაინც და მაინც) რელიგიურ სასწავლებლებში და არა უნივერსიტეტებში, საიდანაც ფიზიკოსები, მათემატიკოსები ან ქიმიკოსები დაგვიბრუნდებიან.

ყველამ იცის, რომ აჭარის მაღალმთიან რაიონებში თავის დროზე მოქმედებდა ინტერნატები, სადაც ქართველი ბავშვები საქართველოს განათლების სისტემის ფარგლებში იძენდნენ ცოდნას, მაგრამ ამ ინტერნატების დიდი ნაწილი დაიხურა, რაც, ჩემი აზრით, ანტიეროვული და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო აჭარაში მასობრივად ხსნიდეს საქართველოს განათლების სამინისტოს კონტროლის ქვეშ მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სრულიად უპასუხისმგებლო, უდიერი, მოღალატეობრივი პროცესის მოწმენი ვართ. გულო კაიკაციშვილი, რეჯებ ნიჟარაძე, მემედ აბაშიძე და აჭარის სხვა დიდი მამულიშვილები დღეს რომ ცოცხალნი იყვნენ, ამ სამარცხვინო ღალატის ხილვით გული გაუსკდებოდათ.

იმის მაგივრად, რომ ჩვენი, ქართველი მუსლიმანების ოჯახების შვილებს სრულფასოვანი, ეროვნული განათლების მიღების საშუალებას საქართველოში ვაძლევდეთ: ბათუმში, თბილისსა თუ ქუთაისში, ამ თაობას პრაქტიკულად ვწირავთ! იგივე ისლამის საფუძვლიანი შესწავლისათვის, ვისაც ამისი სურვილი აქვს, სახელმწიფოს ინიციატივით სპეციალური კათედრების გახსნა შეიძლება, მაგრამ უძაღლო ქვეყანაშიო, ნათქვამია… ახლა იმაზე დავფიქრდეთ, რა საფრთხის შემცველია ტენდენცია, რომელიც უკვე სახეზე გვაქვს. ისიც ვთქვათ, სახელმწიფო როგორ მოქმედებს? ხურავს ინტერნატებს, არ აკონტროლებს ულიცენზიო სასწავლებლებს, რომლებიც თურქეთის მიერაა გახსნილი და დაფინანსებული, იბრმავებს თვალს და იყუებს ყურს.

ამ თემაზე რამდენჯემე ვისაუბრე პარლამენტში, საჯაროდ მივმართე, როგორც პრემიერს, ისე განათლების მინისტრს, ძველებსაც და ახლებსაც, მაგრამ რეაგირება არის მინუს ერთი. ახლა მორიგი მიმართვა მინდა გავავრცელო პრემიერისა და განათლების მინისტრის, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარისადმი: სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სპეციალური სამთავრობო და საპარლამენტო კომისია (აჭარის ვიცესპიკერის, განათლების კომიტეტის წევრთა მონაწილეობით), რომელიც უმოკლეს დროში შეისწავლის აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში შექმნილ ვითარებას, აღრიცხავს ულიცენზიოდ გახნილ რელიგიურ და სხვა პანსიონებს, ე.წ. ყურანცენტრებს, გამოიკვლევს მათი დაფინანსების წყაროებს, მოამზადებს აჭარის რეგიონში ინტერნატების აღდგენის სპეცპროექტს, დადებს დასკვნას, რა ვითარებაა აჭარის რეგიონში და ამ დასკვნის შესაბამისად, მთავრობა და პარლამენტი დაიწყებს მოქმედებას.

ასევე, მოვუწოდებ პროკურატურას, პარალელურ რეჟიმში დაიწყოს გამოძიება,- იმ პირთა გამოსავლენად, რომლებიც აჭარის რეგიონში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურთა კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ. შესაბამის სპეცსამსახურებს, წესით, დიდხანია უნდა ჰქონდეთ მასალა ამ პირების შესახებ, იგივე ტარიელ ნაკაიძეს ვგულისხმობ. ჯერ ამითი დავიწყოთ”.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული