სამშაბათი, აპრილი 23, 2024

განათლების სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევები

განათლების სამინისტრომ ახალი რეფორმების ტალღა დაანონსა. განათლების მინისტრის ინიციატივით უახლოეს მომავალში იგეგმება საშუალო სკოლებში საატესტატო გამოცდების გაუქმება. ასევე ერთიან ეროვნული გამოცდების ფარგლებში უნარ-ჩვევების სავალდებულოდ ჩასაბარებელი საგნების ნუსხიდან ამოღება. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მშობლების ერთი ნაწილი დადებითად აფასებს ახალ ინიციატივას იმ მოტივით, რომ ოჯახის ბიუჯეტი რეპეტიტორებზე მნიშვნელოვნად დაეზოგებათ. სპეციალისტების და ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი რეფორმები ეს პროგრესისკენ კი არა უფრო რეგრესისკენ გადადგული ნაბიჯია და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

განათლების სისტემაში, რომ პრობლემები გვაქვს მე მგონი ამაზე არავინ დავობს. დარგის ექსპერტები, პროფესიონალები, მშობლები და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ყველა ერთობლივად თანხმდება იმაზე, რომ სწავლების ხარისხი საქართველოში დაბალია. ამ ეტაპზე სახელმწიფოებს შორის საქართველო განათლების სისტემის განვითარების დონის მიხედვით მსოფლიოში 101 ადგილზეა. ამ სიაში ისეთი ქვეყნების წინ ვართ, როგორიცაა ნიკარაგუა, სომალი, პაპუა-ახალი გვინეა და სხვა.

პრობლემა კომპლექსური და მრავალწახნაგოვანია. მისი მხოლოდ ფრაგმენტურად განხილვა იმას ნიშნავს, რომ სრული სურათის დანახვას ვერ შევძლებთ და მაშასადამე გადაწყვეტის გზების ძიებაც გაგვიჭირდება. უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ სახელმწიფოს ამ საკითხისადმი ერთიანი ხედვა არ გააჩნია, რომელიც შემდგომში გადაწყვეტილებების მიღებასა და სახელმწიფოებრივ პოლიტიკაში აისახება. რაც თავის მხრივ არაეფექტურ მენეჯმენტსა და ხარისხის მართვას გულისხმობს.

საქართველოს განათლების სისტემა შემდეგი ქვესისტემებისგან შედგება: სკოლამდელი აღზრდა, ზოგადი (დაწყებითი, საბაზო, საშუალო), პროფესიული და უმაღლესი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა) განათლების სისტემებისგან. ჩვენი მოქალაქისთვის ცოდნის მიცემა უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი მთლიანი უწყვეტი ჯაჭვი (პროცესი), რომლის თითოეულ რგოლს დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა გააჩნია. განათლების თითოეული საფეხური კონცეპტუალურად თანხვედრაში უნდა მოდიოდეს მის წინა და მომდევნო საფეხურებთან. თავად მოქალაქემ პიროვნულად უნდა გადაწყვიტოს განათლების რომელ საფეხურზე შეწყვეტს ცოდნის გაღრმავებას (ქართული კანონმდებლობით საბაზისო განათლების მიღება სავალდებულოა). უნდა არსებობდეს საერთო მიზანი (ხედვა) რის მიღწევასაც ვცდილობთ ქვეყანაში განათლების სისტემის დახმარებით. თავის მხრივ საერთო ხედვის არსებობა საშუალებას მოგვცემს  თითოეული საფეხურისთვის განვსაზღვოთ შესაბამისი ამოცანები. თავის მხრივ განათლების წინაშე დასმული ამოცანები თანხვედრაში უნდა მოდიოდეს სახელმწიფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ ფაქტორებს, საზოგადოების მორალურ პარადიგმებსა და თანამედროვე გამოწვევებს უნდა პასუხობდეს. სამწუხაროდ საქართველოს განათლების სისტემა ამ მოთხოვნებს სრულად ვერ პასუხობს. კერძოდ  არ არის საერთო მიზნები და ამოცანები განსაზღვრული. განათლების თითოეული საფეხური ფაქტობრივად ავტონომიურია, ხოლო მათ შორის კავშირი ფორმალურია.

ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემებს შორის კავშირი რომ დარღვეულია, ამაზე თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ: 1) განათლების სამინისტრო ვერ ჩამოყალიბებულა რა ფორმით უნდა ჩატარდეს უმაღლესში მისაღები გამოცდები. რადგან გაურკვეველია განათლების ერთიან სისტემაში თითოეულ საფეხურს რა  როლი და მისია გააჩნია. 2) საშუალო სკოლაში მიღებული ცოდნა აშკარად საკმარისი არ არის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.

განათლების სისტემაში ხელმძღვანელობის ხშირი ცვლა ამ პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს. განათლების მინისტრების ცვლასთან ერთად რადიკალურად იცვლება საერთო ხედვა ფუნდამენტალური საკითხების მიმართ. რადგან ახალ მენეჯმენტთან ერთად იცვლება გარკვეული პრობლემებისადმი მიდგომებისა და გადაწყვეტის გზების ძიების მეთოდიკა, შედეგად ვღებულობთ რეფორმების მორიგ ტალღას. თუ მოვლენების განვითარებას დინამიკაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში დავაკვირდებით, ყოველი ახალი ინიციატივას ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ. ჯერ არცერთი რეფორმა განათლების სფეროში სახელმწიფოს სრულყოფილად, ბოლომდე არ განუხორციელებია.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს ამ სფეროში. რა მოთხოვნები და მოლოდინები გააჩნიათ ჩვენს მოქალაქეებს განათლების სისტემის მიმართ დიდწილად განაპირობებს დარგის განვითარების დონეს. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება განათლებისადმი არათანმიმდევრულია და ზოგიერთ შემთხვევაში ფორმალურია. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში მშობლისთვის, რომელიც შვილისთვის სწავლების ხარჯების აფინანსებს აინტერესებს არა მის მიერ მიღებული ცოდნის ხარისხი და დონე, არამედ მხოლოდ დიპლომი და კურსდამთავრებულის სტატუსი. საზოგადოების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული ზოგადი ხედვა და სტრატეგია კვალიფიციური კადრების მომზადების, მოზიდვისა და ადგილზე დამაგრების საკითხში. როგორც სახელმწიფო უდგება ფორმალურად და არასერიოზულად  კადრების მოზიდვის სტიმულირების პრობლემებს ადექვატური რეაქცია აქვთ რიგით მოქალაქეებსაც ამ საკითხზე.

საქართველოში დასაქმება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში წარმოებს ახლო სანათესაო და სამეგობრო წრის დახმარებითა და გამოყენებით. ხშირია ნეპოტიზმის ფაქტები და უფრო იშვიათი კადრების შერჩევა პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გათვალისწინებით. ბოლო დროს გახშირდა საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე პირების დანიშვნის ფაქტები, რომელთაც ფორმალურადაც კი არ გააჩნიათ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც სისტემური ხასიათი გააჩნია არის ის, რომ არ ხდება მიღებული ცოდნის პრაქტიკით განმტკიცება და დამაგრება. პროფესიულ კოლეჯებისა და უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები ვერ ახერხებენ საკუთარი პროფესიით დასაქმებას. როცა არ ხდება პროფესიონალური კადრების კვლავწარმოება, ანუ არ ხდება მაღალ პროფესიულ დონეზე კადრების მომზადება და მათი შესაბამის სფეროში დასაქმება, შედეგად ვღებულობთ შრომის ბაზარზე კვალიფიცური კადრების დეფიციტს.

განათლების სისტემაში არსებულ  პრობლემებზე სასაუბროდ დავუკავშირდით განათლების ექსპერტს ქალბატონ ნანა ტოხვაძეს. ქალბატონი ნანას მონაცემებით ბოლო 6 წლის მანძილზე განათლებაზე დაიხარჯა 5,5 მილიარდზე მეტი. მხოლოდ  2018 წელს ამ თანხამ 1 მილიარდ 200 მილიონი ლარი შეადგინა ანუ 2 – ჯერ მეტი ვიდრე 2012 წელს (633 531 699.00 ლარი). მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, პედაგოგების ხელფასები არ იზრდება. ხელფასის ზრდა 44 570 პედაგოგიდან მხოლოდ 225-ს შეეხო და ისიც სრული დატვირთვის შემთხვევაში. სამაგიეროდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,  მილიონობით ლარს ხარჯავს არამიზნობრივად,  მათ შორის, პრემიებსა  და  დანამატებზე.

საქართველოში არაეფექტური და არათანმიმდევრული განათლების პოლიტიკა განაპირობებს იმას, რომ საჯარო სკოლა ვერ უზრუნველყოფს მოსწავლის ხარისხიან განათლებას და მათი სამომავლო წარმატება დამოკიდებულია ოჯახის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.  2018 წელს მე–12 კლასის საატესტატო გამოცდებზე ყოველი მეოთხე 22% (47 000 -მდე მოსწავლიდან, 11–ათასზე მეტი) მოსწავლე ჩაიჭრა,  ხოლო მე-11 კლასელთა 26 %. საქართველოში ყოველ მეოთხე აბიტურიენტს კერძო რეპეტიტორი ჰყავს  (2017 წლის ივლის-დეკემბერში ჩატარებული  ”განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის” მიერ წარმოებულმა კვლევა). ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, მოსწავლეთა 56% თავისივე სკოლის პედაგოგთან ემზადება. სკოლის მოსწავლეთა 92% ემზადება სამ საგანში.

ბოლო 6 წლის მანძილზე სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად დაიხარჯა 69 მილიონზე მეტი, წელიწადში საშუალოდ 11,5 მილიონი, დაახლოებით 2 მილიონზე მეტი,  ვიდრე 2012 წლამდე, მაგრამ მოსწავლეთა უსაფრთხოება საგრძნობლად  გაუარესდა! სახალხო  დამცველის ანგარიშით 2018 წელს წინა წელთან შედარებით 20 %-ით მომატებულია ბავშვთა სუიციდის მცდელობის ფაქტები, რადგან  სათანადო სპეციალისტები არ მუშაობენ სკოლის ბაზაზე.

სრულ ინტერვიუს ქალბატონ ნანასთან სააგენტო “პარალელზე” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული