გიგა გიგაშვილი: “დედაქალაქში გამხმარი ფიჭვების მოჭრა და მათი ჩანაცვლება არის უპრეცედენტო პროექტი”

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილი „ახალი საქართველოს“ წევრების მიერ 9 თებერვალს გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, განცხადებები, რომლებიც სანიტარიული ჭრებთან დაკავშირებით გაკეთდა, არის პოპულისტური და უსაფუძვლო.

„ეს არის პოპულისტური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებები, რომლითაც ჩრდილი ადგება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ და ჩასატარებელ ღონისძიებებს. პირველად, დედაქალაქის ისტორიაში გარემოს დაცვას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. დაწყებულია პროექტები, მათ შორის, მუნიციპალური ტრანსპორტის სრული ჩანაცვლება, ჰაერის დაბინძურების პრევენციის ღონისძიებები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უკვე პარლამენტშია ინიცირებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს ახალი საქალაქო პარკების მოწყობას და არსებული პარკების რეაბილიტაციას. სწორედ ეს არის პასუხი ბრალდებებზე და განცხადებებზე, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ.

დედაქალაქში გამხმარი ფიჭვების მოჭრა და მათი ჩანაცვლება ასევე არის უპრეცედენტო პროექტი. პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, აღნიშნული პრობლემა საფუძვლიანად შევისწავლეთ. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია არაერთხელ მივაწოდეთ. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ჩვენ უკვე სამი თვეა, რაც დავიწყეთ სანიტარიული ჭრები. ამ პროცესს კი წინ უძღოდა სპეციალური კვლევები. გვქონდა ძალიან ხანგრძლივი და ბევრი კონსულტაცია, როგორც ადგილობრივ ექპერტებთან, ასევე, საერთაშორისო ექსპერტებთან. თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქს უცხოელი ექპერტები პირველად ეწვივნენ, რომლებმაც ფიჭვების საკითხი შეისწავლეს. ისინი დღესაც ჩვენთან ერთად მუშაობენ. ლაბორატორიული კვლევები ჩავატარეთ, მათ შორის, ევროკავშირში აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, რომლებმაც მოგვცა ნათელი სურათი, თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე, დავიწყეთ მასშტაბური ღონისძიებები“, – განმარტა გიგა გიგაშვილმა.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს დედაქალაქში სანიტარიული ჭრები სრულად განხორციელდება და წლის ბოლოს ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების ჩატარებაა დაგეგმილი, რაც მოჭრილი ხეების ახალი მცენარეებით ჩანაცვლებას გულისხმობს.

„რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიას საკმარისი რესურსი გააჩნია. ჩვენ ყველა ღონეს ვიყენებთ იმისთვის, რომ 2019 წელს სრულად დავასრულოთ სანიტარიული ჭრები და გამხმარი მცენარეები ბუნებრივი გარემოდან მთლიანად ამოღებული იქნას. ამასთან, 2019 წლის ბოლოს დაგეგმილია აღდგენის ღონისძიებები, რომლებზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან ასევე ძალიან დიდი რესურსია გამოყოფილი. ჩვენ უკვე შეკვეთილი გვაქვს ის მცენარეები, რომლითაც გამხმარ ხეებს ჩავანაცვლებთ. შესაბამისად, ყველა ეს პროექტი ნათლად ასახავს იმ მიდგომას, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გარემოს დაცვასთან და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გააჩნია. სწორედ ეს არის ჩვენი პასუხი იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ“, – განაცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *