ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

ბაჩანა შენგელია: “ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?”

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან და სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მოუსმინეს.

ზუგდიდის სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით საუბრის დაწყებამდე მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს მიერ ჩატარებული ინსპექტირების თაობაზე სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, 2016-2018 წლებში 269 დასკვნა მომზადდა, საიდანაც 15 შემთხვევაზე ინსპექტირების ბრძანება იმავე ან მეორე დღეს იქნა გაცემული. რაც შეეხება ზუგდიდის მეექვსე სკოლას, 2018 წლის 8 ნოემბერს შემოვიდა განცხადება, სადაც საუბარი იყო სანიტარულ, ჰიგიენურ, კომერციულ საკითხებზე დარღვევის შესახებ. 9-15 ნოემბერს ჩატარდა ინსპექტირების პროცესი, რა დროსაც, განცხადებაში მოყვანილი ფაქტები სრულად დადასტურდა.

მინისტრს დაუსვეს კონკრეტული შეკითხვები, თუ რამდენად იყო იგი ინფორმირებული და გაეცნო თუ არა დეტალურად ე.წ. ანონიმური ავტორის მიერ გამოგზავნილ წერილში აღნიშნულ, მისივე აზრით, დარღვევებს და რამდენად დაინტერესდა იგი წერილის გამომგზავნი, ვინმე ლავრენტი ქირია იყო თუ არა რეალური პიროვნება? უკავშირდებოდა თუ არა ყოველივე არჩევნებს და ასრულებდა თუ არა იგი კონკრეტულ დავალებას ამ შემთხვევაში და ა.შ.

ძალზე ემოციური იყო გარდაცვლილი პედაგოგის ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას გამოსვლა ამავე კომიტეტის სხდომაზე. ბაჩანა შენგელიამ შეახსენა როგორც განათლების მინისტრს, ასევე სამართალდამცავებს, რომ აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში პრაქტიკულად არაფერი კეთდება სიმართლის დადგენის თვალსაზრისით და ეს იმ დროს, როცა დანაშაული სახეზეა და აქვე ყურადღება გაამახვილა იმ უსამართლო დამოკიდებულებაზე, რაც უმძიმესი ასატანი იყო მისი დედისთვის, რომელმაც ვერ გაუძლო ასეთ წნეხს, რომ ასე დაუნდობლად ექცეოდა სისტემა:

მე მიმაჩნია, რომ იას მოუწყვეს მორალური სასამართლო. და ის შემოწმების აქტი იყო ზუსტად რომ მისთვის მორალური სასჯელი და ის სასჯელი, რომელიც მან ვერ გადაიტანა. ის არის ადამიანი, რომელიც 35 წელზე მეტი ემსახურებოდა განათლების სისტემას. მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა მან დაამთავრა უნივერსიტეტი და იმ დღიდან დაწყებული ის ან კოლეჯში იყო, შემდეგ უნივერსიტეტში და შემდეგ 11 წელი ემსახურა სკოლას, იმ სკოლას, რომელსაც, პირველკლასელები რომ მივიდნენ, ეხლა ამთავრებდნენ და იყვნენ მე-12 კლასელები“.

ბევრი რამ გაიხსენა ბაჩანა შენგელიამ დედასთან მიმართებაში, თუ როდორ უყვარდა მას სკოლა და მთელი ცხოვრება როგორი სიყბარულით ემსახურებოდა მას, ბავშვებს. სულის შემძვრელი იყო გამოსვლის ბოლოს მის მიერ საზოგადოებისადმი და განსაკუთრებით მინისტრისადმი ნათქვამი:

ყველას ძალიან გთხოვთ, როდესაც მორალზე ვსაუბრობთ, ყველამ უბრალოდ ერთი წამით წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი ჩემ ადგილზე… ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული