ტრადიციები და დღესასწაულები: კალანდობა გურიაში

ქართველებისათვის უმნიშვნელოვანესი საერო თუ საეკლესიო დღესასწაულების წელიწადში ორჯერ აღნიშვნა რომ ტრადიციად ჩამოყალიბდა ამას უკვე ყველა შეეჩვია. ასეა ახალ წელთან მიმართებაშიც და მთელი მსოფლიო მას რომ წელიწადში ერთხელ ზეიმობს, მართმადიდებელი ქრისტიანები, საქართველოში, ორჯერ აღვნიშნავთ – ძველი (14 იანვარი) და ახალი (1 იანვარი) სტილით. 14 იანვრის აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა მხარეში, განსხვავებული ტრადიციებით, რიტუალითა და სახელწოდებითაც ხდება, რაც საუკუნეების განმავლობაში ტრადიციად იქცა.

საქართველოში “კალანდას” ეძახიან ჩვენში ტერმინად გავრცელებულ “ძველით ახალ წელს”. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით კალანდობა წლის თავს ანუ ახალწელიწადს ნიშნავს. “კალანდობა” გამორჩეულია თავისი მთავარი ატრიბუტით – ჩიჩილაკით, რომელსაც მსხვილი ნედლი თხილის ჯოხისაგან ამზადებენ და მას “ქართულ ნაძვის ხესაც”უწოდებენ. ჩიჩილაკი წმ. ბასილის სახელთანაცაა დაკავშირებული და გურიაში მას “ბასილის ფაფუკ წვერებსაც” ეძახიან.

ძველად “კალანდა” – ახალი წელიწადი, თავისებურებებით გამოირჩეოდა და ოჯახებში საინტერესო რიტუალს ატარებდნენ.
გურიაში, მამლის ყივილზე, მთელი ოჯახი ფეხზე დგება, მამაკაცები ღორის თავს, ბასილას (საახალწლო კვერი), საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილის შესთხოვს ოჯახის ბედნიერებას. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს იღებს, გატეხავს და კაკლის სავსე ლებნებით ხელში წმ. ბასილას შესთხოვს, რომ ამ კაკალივით მისი ოჯახი ყოველივე სიკეთით აავსოს. ბოლოს ღორის თავს აიღებს, საწნახელს სამჯერ მიარტყამს და თან ყვირის: “აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს ღვინო და სხვებს ფურცელი”-ო.

ამის შემდეგ პროცესია უკვე სახლისკენ გაემართება, რომ როგორც მეკვლემ, ოჯახის წევრებს მიულოცოს. თავდაპირველად მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: “კარი გამიღე!” სახლიდან სამჯერ უპასუხებენ “რა მოგაქვს?” ამაზე მეკვლე უპასუხებს მთელი რიგი სანატრელი საგნების ჩამოთვლით. შემდეგ კარებს უღებენ და იწყება საახალწლო მილოცვები.

სააგენტო “პარალელი” კალანდობას ულოცავს სრულიად საქართველოს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *