შაბათი, აპრილი 20, 2024

ეკა ბესელია “სიკეთის მოლოდინიდან” ხისტი პოზიციების დაფიქსირების რეჟიმში გადადის

მაქვს სიკეთის მოლოდინი, გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში, საშობაო ლიტურგიაზე კოლეგასთან, გედევან ფოფხაძესთან ერთად მივიდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ​დატოვებს თუ არა ის „ქართული ოცნების“ რიგებს.

რატომ, ასე არის საქმე? ხვალ ვისაუბროთ. მაქვს სიკეთის მოლოდინი და დანარჩენზე ხვალ ვისაუბროთ. გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას. ბევრი თანამოაზრე მყავს” – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

“სიკეთის მოლოდინი” დიდხანს არ გაგრძელებულა და 7 იანვარს მთელი დღის განმავლობაში ეკა ბესელიას შემდეგი სახის განცხადებები ვრცელდებოდა:

სასამართლოსთან დაკავშირებული თემა მხოლოდ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სია არ არის. ჩემი კრიტიკული პოზიცია ბევრმა ადამიანმა იცის არა მხოლოდ გუნდში, არამედ გუნდის გარეთაც, მათ შორის, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ექსპერტებმა, რომლებიც ჩემთან ერთად სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპზე მუშაობდნენ” – განაცხადა ეკა ბესელიამ “ტვ პირველის“ ეთერში და ირაკლი კობახიძე სიცრუეში დაადანაშაულა იმის გამო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა – ეკა ბესელიას მხრიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი არ უკავშირდება სასამართლოს თემასო.

ეკა ბესელიამ, ასევე გაიხსენა ისიც, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოსამართლეთა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის სურვილის მიუხედავად იგი ამის წინააღმდეგი იყო და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომით, ეს პროცესი გადადო.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ქალბატონი ეკა ჯერ არ დამკავშირებია, თუმცა თუ გამოთქვამს სურვილს, მე ყოველთვის მზად ვარ გუნდის წევრებს შევხვდე, ეკა ბესელია ასე პასუხობს:

მდინარაძესთან გასარკვევი არაფერი მაქვს. მდინარაძეს ვურჩევ გააკონტროლოს რას ლაპარაკობს და რატომ ლაპარაკობს. ფრაქციასთან და უმრავლესობასთან შეხვედრის საკითხი მე თვითონ დავსვი. არ ვფიქრობ, რომ მდინარაძეს უნდა ველაპარაკო. მე უნდა ველაპარაკო კოლეგებს, რომლებთანაც საჭიროა ამ საკითხზე დისკუსია“.

როგორც ჩანს, წინ კიდევ სერიოზული გარჩევებია, ხისტი, მწვავე პოზიციებითა თუ  ურთიერთბრალდებებით…

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული