ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

EMC – “20 ძირითადი დარღვევა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეში გამოვლინდა”

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეისწავლა 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები და მოამზადა შესაბამისი დასკვნები.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა  19 წლის ახალგაზრდა თემირლამ მაჩალიკაშვილი, რომელიც 2 კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაგაცნობთ EMC-ის მიერ დაფიქსირებულ 20 ძირითად დარღვევას, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეში:

 

  1. სპეცრაზმელებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში შევარდნისთანავე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაისროლეს. გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, საწოლში იწვა, სავარაუდოდ ყურსასმენი ეკეთა და ეძინა. ეს ფაქტობრივი გარემოებები უთითებს, რომ ძალის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა;
  2. სპეცოპერაციამდე თემირლან მაჩალიკაშვილი მამას ჭალაში ეხმარებოდა და მეჩეთში ლოცულობდა. მისი დაკავება სუს-ს დღისით, სპეცოპერაციის გარეშეც შეეძლო. ამ პირობებში, არ არსებობდა ამ მასშტაბის სპეცოპერაციის ღამით ჩატარების აუცილებლობა. ჩატარებული სპეცოპერაცია სუს-ის მხრიდან ძალის დემონსტრირების ინტერესზე მიუთითებს;
  3. მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, სუს-ის მიერ არ მომხდარა რისკების გაზომვა და ძალის გამოყენების სათანადო პრევენცია;
  4. კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, დაჭრის შემდეგ, გაეწია თუ არა თემირლანს დროული სამედიცინო დახმარება;
  5. პროკურატურას დღემდე არ შეუსწავლია სპეცოპერაციის დამგეგმავი და განმახორციელებელი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გასროლასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ამ დრომდე არაეფექტიანია და არსებითად ფორმალურ ხასიათს ატარებს;
  6. სუს-ის თანამშრომლებმა გასროლის შემდგომ თავად, დამსწრე პირების გარეშე, ჩაატარეს თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში ჩხრეკის და ხელყუმბარის ამოღების საგამოძიებო მოქმედება, რაც გამოძიების დამოუკიდებლობის პრინციპს არღვევს და ამ დროს ამოღებული მტკიცებულებების ნამდვილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს;
  7. სუს-ის თანამშრომლები გასროლის შემდგომ თითქმის სამი საათის განმავლობაში ერთპიროვნულად აკონტროლებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახს და საცხოვრებელ სახლს. ჩნდება ეჭვები მათ მიერ ხელყუმბარის ადგილზე მიტანისა და მასზე შესაბამისი კვალის ხელოვნურად დატოვების შესახებ;
  8. თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებულ ნივთებზე და თითქოსდა ამოღებულ ხელყუმბარაზე სუს-მა თავად დანიშნა საექსპერტო კვლევები და შედეგები მხოლოდ ორი თვის შემდეგ წარუდგინა თბილისის პროკურატურას;
  9. სუს-ის გადაწყვეტილებით, ექსპერტიზის შემდეგ განადგურდა თითქოსდა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელყუმბარა, რის გამოც გამოძიებას აღარ შეუძლია ამ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებაზე ხელახალი საექსპერტო კვლევების ჩატარება;
  10. საქმის მასალებით იკვეთება, რომ სუს-მა თვითნებურად შეუცვალა ნაწილი იმ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც გასროლა მოხდა და შეცვლილი სახით წარუდგინა ექსპერტებს;
  11. მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შედეგად წაიშალა მიყენებული დაზიანების კვალი, რამაც ხელი შეუშალა საექსპერტო კვლევებს;
  12. ძირითად მტკიცებულებებთან კავშირში სუს-ის მიერ ჩატარებული მოქმედებების შედეგად (მათ შორის, იარაღის ნაწილის ცვლილება, შემთხვევის ადგილიდან მასრის არამოღება, ქირურგიული ოპერაციის დროს დაზიანების კვლების არასათანადო დოკუმენტირება) შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა;
  13. საქმეზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღება და მათზე ექსპერტიზა ჩატარდა არა პროკურატურის, არამედ სუს-ის მიერ;
  14. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს არ ამოუღია და არ შეუსწავლია მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონსა და ყურსასმენზე არსებული კვლები;
  15. კომპლექსური ექსპერტიზის პასუხი, რომელმაც უნდა დაადგინოს სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა, ჭიანურდება და საექსპერტო კვლევის დასრულების მიუხედავად, დასკვნა 5 თვეზე მეტია არ ქვეყნდება;
  16. თბილისის პროკურატურა ამ დრომდე არ იწყებს გამოძიებას ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიმართ გამოვლენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე;
  17. თბილისის პროკურატურა ამ დრომდე არ იწყებს გამოძიებას სუს-ის მიერ მტკიცებულების (ხელყუმბარის) ფალსიფიცირების და განადგურების ფაქტზე;
  18. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი ამ დრომდე არ ცნობს მალხაზ მაჩალიკაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ;
  19. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება, გაეცნონ სროლის განმახორციელებელი პირისა და ადგილზე მყოფი სხვა პირების ჩვენებებს;
  20. პროკურატურა ამ დრომდე არ აცნობს თემირლანის ოჯახსა და ადვოკატებს სუს-ის მიერ სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების, დაგეგმვის, ჩატარების პროცესის და სპეცოპერაციის შემდგომ ანგარიშებს.

თემირლანის ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს არ აქვთ საშუალება, გაეცნონ გასროლის შემდგომ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, საძინებელ ოთახში არსებული ვითარების ამსახველ ფოტომასალას ან სხვა დოკუმენტაციას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული