გიორგი გახარია: “ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდო ინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის”

საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარსდგა.

“ბატონო თავმჯდომარე, პატივცემულო პარლამენტარებო, ქალბატონებო და ბატონებო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ შესაძლებლობისთვის, კიდევ ერთხელ მოგმართოთ თქვენ, საქართველოს პარლამენტს და მინდა გითხრათ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ჩვენთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა. ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე კიხვების და მწვავე დისკუსიების. რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია და პატივს ვცემდით და ვცემთ ინსტიტუტებს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ პასუხი გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს და აბსოლუტურად მზად ვართ, ასევე, დისკუსიისთვის. თუმცა, ასევე, მინდა გითხრათ და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ ზუსტად 1 წლის წინ ჩვენ აქ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები 2018 წელზე და ვთვლით ჩვენ თავს ვალდებულად, გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს, მაგრამ გპირდებით, რომ ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალზე მოკლე, კონკრეტულ შედეგებსა და კონკრეტულ გეგმებზე ორიენტირებული მოხსენება.

ასე რომ, ბატონებო და ქალბატონებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ რეჟიმში ჩვენ შევძლებთ დიალოგს იმისთვის, რომ გამოვავლინოთ რეალური გამოწვევები, რომლებიც არსებობს, როგორც სამინისტროს, ასევე, ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე. მოგეხსენებათ, ჩვენ საუბარი დავიწყეთ ერთი წლის წინ და მაშინ განვაცხადეთ, რომ ვხედავთ სისტემური რეფორმირების აუცილებლობას და ამ რეფორმირების ნაწილში ჩვენ გამოვყავით რამდენიმე ძირითადი მიმართულება: ეს გახლავთ სტრუქტურული რეფორმირება, შინაარსობრივი რეფორმა, საკანონმდებლო რეფორმა და რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა. ამიტომ, როგორც მოგახსენეთ და დაგპირდით, მე აბსოლუტურად მოკლედ ვეცდები, მოგახსენოთ 2018 წლის ის შედეგები, მიღწეული კონკრეტული შედეგები, რომლებიც უკვე გვაქვს და ის მიზნები, ასევე, კონკრეტული, რომლებიც 2019 წლისთვის გვაქვს დასახული.

საპატრულო პოლიციის ნაწილში, ჩვენ მოგეხსნებათ, რომ ვაგრძელებთ რეფორმირების შემდგომ ეტაპს და ეს რეფორმები შეეხება, პირველ რიგში, როგორც ეფექტურობის ამაღლებას, ასევე, ადმინისტრაციული პროცედურების ავტომატიზებას და მათ სრულყოფას. ამ რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ ერთიანი მომსახურების ცენტრი, რომელიც საპატრულო პოლიციაში შეიქმნა. მსგავსი რამ საერთოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, არ არსებობდა და დღეის მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მოქალაქეები, დაახლოებით, 50-ზე მეტი მომსახურებას იძენენ აბსოლუტურად ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ ადგილას, მარტივად, იმის მაგივრად, რომ მოძრაობდნენ ქალაქის სხვადასხვა ბოლოში და ამაზე დროს ხარჯავდნენ. შემდეგი ეტაპი, მოგეხსნებათ, ჩვენი მნიშვნელოვანი მიმართულების გახლავთ საზღვრის დაცვა – სასაზღვრო პოლიცია. აქ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინტეგრირებული საზღვრის მართვა არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს სერიოზული დახმარება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ვიმედოვნებთ, რომ ეს დახმარება გაგრძელდება. მოგეხსენებათ, რომ გაჩნდა ახალი მიმართულება და ახალი სფერო – ეს გახლავთ სანაპირო დაცვის კომპონენტი. დღეის მდგომარეობით, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩვენ გადმოგვეცა აილენდის კლასის ორი გემი და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს საშუალებას, შევიდეს შავი ზღვის ფარგლებში უსაფრთხოების ახალ ფორმატებში და გახსნას ნატოსთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება, რაც აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქვეყნისთვის არ არსებობდა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადამზადების​ იმ​ ფორმატებით, რომლებიც გააჩნია სასაზღვრო პოლიციას, უახლოეს პერიოდში, 2019 წლიდან, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია შავ ზღვაზე ნატოს ფორმატში გამართულ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს.

ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ადამიანების უფლებების დაცვის დეპარტამენტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული მიღწევები, ეს მიღწევები ძირითადად ეხება ყველა სახის დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის, სენსიტიური დანაშაულების გამოვლენას. ამ მიმართულებით, შემიძლია გითხრათ, რომ კრიტიკულად შემცირდა ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი და 2018 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისგან რეაგირება არ ყოფილა. მსგავს დანაშაულებში დისკრიმინაციის მოტივის გამოვლენა ორჯერ გაიზარდა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ზრდის ხარისხს. ასევე, 19 დღის განმავლობაში ამუშავდება პრევენციის ეფექტური მექანიზმები და რისკის გაზომვის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ამოქმედდება ელექტრონული სამაჯურები. რა თქმა უნდა, ცალკე არის გამოსაყოფი არასრულწლოვნების მიერ და არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაული. აქაც საკმაოდ სერიოზული წარმატებები გვაქვს და რეალურად ეს სტატისტიკაშიც აღინიშნება.

კიდევ ერთი მიმართულება – ეს გახლავთ დროებით მოთავსების იზოლატორები, სადაც, ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურულ ნაწილში გადახალისდა მათი ინფრასტრუქტურული კომპონენტი. დღეის მდგომარეობით, როგორც ჩვენ თავიდანვე დაგპირდით, არ არსებობს არც ერთი დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა სრულად არ ფუნქციონირებს. უფრო მეტიც, დღეის მდგომარეობით, 24 საათის მაგივრად ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონაცემები ინახება 120 საათის განმავლობაში. ასევე, დროებით მოთავსების იზოლატორების ნაწილში ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები მუდმივი სამედიცინო მომსახურების კონტექსტში. 7-დან 14-მდე გაიზარდა იმ დაწესებულებების რიცხვი, სადაც უკვე არსებობს მუდმივი სამედიცინო მომსახურება, ხოლო წლის ბოლომდე, 2019-ის ბოლომდე, ყველა – 29-ვე დაწესებულებაში იქნება მუდმივი სამედიცინო მომსახურება, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სპეციალურად არასრულწლოვნებისთვის მოეწყო შესაბამისი სივრცე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ინფრასტრუქტურულ ნაწილში, 2019 წელს დაიწყება თბილისში ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა, რომელიც განთავსდება ავჭალაში და გათვლილი იქნება, დაახლოებით, 200 ადამიანზე.

აკადემიის კონტექსტში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ბოლო გამოსვლისას დაგპირდით და დღეის მდგომარეობით, როგორც ფაქტი, შემიძლია გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია ეს არის უკვე პოლიციელების პროფესიული სასწავლებელი. მას ჩამოერთვა უმაღლესი სასწავლებლის ფუნქცია და ის თავიდან ბოლომდე არის კონცენტრირებული პოლიციელების გადამზადებაზე. ამ წლის განმავლობაში შეიქმნა 33 ახალი კურსი და რეალურად, 2018 წლის განმავლობაში პოლიციის აკადემიაში გადამზადება გაიარა 33 ათასმა პოლიციელმა. თავიდან ბოლომდე, პრინციპულად, შინაარსობრივად შეიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღების წესი და პოლიციის აკადემია არის ერთადერთი კარიბჭე, რომლის გავლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყება. ასევე, მინდა გითხრათ სიახლის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე დაიწყო ანაზღაურებადი სტაჟირება. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდა, რომელიც სწავლას იწყებს პოლიციის აკადემიაში, ის უკვე იღებს ანაზღაურებას. ეს საშუალებას აძლევს რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს, საუკეთესო ახალგაზრდებს, უფრო თამამად გახდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილი. ასევე, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აკადემიამ დაიწყო სამუშაოების დეტალური აღწერილობის შექმნა. რატომ ვიმეორებ ამას? უნდა გვესმოდეს ერთი რამ და უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ გვყავდა ძალოვანი სტრუქტურა, სადაც არ არსებობდა კონკრეტული თანამდებობის პირების, პოლიციელების სამუშაოების აღწერილობა და არ არსებობდა გაწერილი სტანდარტული პროცედურები. ახლა, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ პატრულ-ოფიცერი ან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა თავისი სამუშაოს აღწერილობასა და იმ ელემენტარულ სტანდარტულ პროცედურებზე, გაწერილი სახით, რომელსაც ის ყოველდღიურად ატარებდა.

მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო, ასევე, საპოლიციო ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების ნაწილს. მოგეხსენებათ, რომ დღეს, თანამედროვე პირობებში, ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების განახლების გარეშე ეფექტური საპოლიციო სისტემა შეუძლებელია. მსურს, ამ მიმართულებით, ასევე, აღვნიშნო ის რამდენიმე შედეგი, რაც ჩვენ უკვე გვაქვს. დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ არსებობს არც ერთი პატრულ-ინსპექტორი, რომელიც აღჭურვილი არ არის სამხრე კამერით. ეს არის უკვე ფაქტი, სამხრე კამერა არის აბსოლუტურად თანამედროვე და ინფორმაცია ინახება, დაახლოებით, 1 თვის განმავლობაში. ინფორმაცია აბსოლუტურად ავტომატიზებულად გროვდება და მე ვფიქრობ, რომ პრევენციის ის ძალა, რომელიც ამ სამხრე კამერებმა გამოიღო, როგორც პოლიციელის დაცვის თვალსაზრისით, ასევე, ჩვენი მოქალაქის დაცვის თვალსაზრისით, უკვე სახეზეა. რამეთუ, უკვე კარგა ხანია, ჩვენ პოლიციელთა მხრიდან მსგავსი გადამეტების ფაქტების შესახებ არ მოგვისმენია. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთი რეციდივები არსებობს. მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ როგორც ჩვენ წინა გამოსვლისას დაგპირდით, წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება 1400 კამერა, 350 კილომეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთი გადაფარული იქნება სექციური კამერებით და ეს ის პირველი ნაბიჯია, რომელსაც ჩვენ ვაგრძელებთ. 2019 წლის ბოლოს, ქვეყნის მასშტაბით, საპოლიციო სისტემაში, იმოქმედებს, დაახლოებით, 5000 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა და სრულად გადაფარული იქნება 700 კილომეტრამდე გზა, რაც, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების კომპონენტში ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე, მინდა, უბრალოდ ჩამოგითვალოთ პოლიციის ახალი ინფრასტრუქტურული შენობები, რომელიც აშენდება. ეს იქნება რუსთავის, ბაკურიანის, წალენჯიხის, გომის, ბოლნისის, მესტიის და ჟინვალის. ასევე, როგორც მოგახსენეთ, შენდება ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი, განახლდება და თავიდან აშენდება 4 სასაზღვრო პუნქტი და რაც აქამდე სერიოზული პრობლემა იყო ჩვენთვის, ჩვენი სასაზღვრო პოლიციისთვის ( მათ როტაციის გაკეთებაც კი უჭირდათ), 2018 წლის ბოლომდე, დაახლოებით, 4 ვერტმფრენს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი. ამისთვის დაიხარჯება კაპიტალურ ნაწილში, ინფრასტრუქტურულ ნაწილში, მათ შორის, პოლიციელების შეღავათიანი ბინათმშენებლობის კონტექსტშიც, დაახლოებით, 150 მილიონი ლარი.

ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიციელების და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენ გარკვეულწილად მოვახერხეთ მათი სახელფასო ანაზღაურების გაზრდა 2018 წელს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება, თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის სოციალური პორტფელი, რომელსაც ეს ადამიანები იმსახურებენ. მე ვფიქრობ, რომ აქ იქნება სოციალური უზრუნველყოფის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტები – ბინათმშენებლობიდან დაწყებული, სამედიცინო მომსახურებით დამთავრებული, განათლებით გაგრძელებული და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით, რესურსულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად იქნება მობილიზებული, რამეთუ ამ ადამიანებს გრძელვადიან პერსპექტივაში აბსოლუტურად სწორი და პროგნოზირებადი წარმოდგენა ჰქონდეთ თავიანთ მომავალზე, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სისტემაში იწყებენ მუშაობას.

ჩვენი 2018 წლის მუშაობის შედეგების ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტი – ეს გახლავთ საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც თქვენ მიერ იყო მხარდაჭერილი. შსს-ს მიერ ინიცირებული იყო 9 კანონპროექტი, მათ შორის ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით და კანონიერ ქურდების წინააღმდეგ შექმნილი კანონი, რომელიც ფაქტობრივად, თავიდან დაიწერა იმ ცვლილებებით, რომლებმაც, რეალურად, მოგვცა საშუალება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 200-ზე მეტი ადამიანი მიგვეცა პასუხისგებაში ქურდული მენტალიტეტის და კრიმინალური მენტალიტეტიდან გამომდინარე. გამკაცრდა ცრუ ჩვენების, ჩვენებაზე უარის თქმის, დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ნაწილი. ასევე, გამკაცრდა და ცვლილებები განხორციელდა ოჯახში ძალადობის კონტექსტში. მოგეხსენებათ, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავეთ მარიხუანასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ცვლილებები განხორციელდა და ფაქტობრივად, პრინციპულად შეიცვალა მანდატურების მარეგულირებელი კანონმდებლობა, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობის ნაწილი. ახლა, რაც შეეხება 2019 წელს – იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში ჩვენ წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მოახდენს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებას, ასევე, ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლებიც გამომძიებელსა და პროკურორს შორის პირდაპირი უფლება-მოვალეობის უფრო მკაფიო გამიჯვნას შეუწყობს ხელს. აგრეთვე, მოვახდენთ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას პოლიციის და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში და რაც მთავარია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირეული გარდაქმნის მიმართულებითაც წარმოგიდგენთ ჩვენ ინიციატივებს. უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება ცივი იარაღის მარეგულირებელი კანონმდებლობა. ეს ის ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებებია, რომლებზეც ჩვენ თქვენთან ერთად ვისაუბრებთ 2019 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილს. მოგეხსენებათ, რომ ზუსტად 1 წლის წინ ჩვენ აქ ვიდექით და ვმსჯელობდით, რამდენად მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა იყოს გამჭვირვალე. მე დღეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამ კონტექსტში ჩვენ საერთოდ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. სამინისტრო სრულად გახსნილია როგორც სხვადასხვა საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ასევე, სტატისტიკის თვალსაზრისით. ძალიან კარგად მახსოვს, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა პარლამენტარებისთვის მაშინ იმ დაპირებას, რომ სტატისტიკა იქნებოდა აბსოლუტურად ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი, რასაც ვახორციელებთ და იმედი მაქვს, რომ ამ ნაბიჯს ექნება სწორი შეფასება. თუმცა, შეფასების მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გამჭვირვალობას და ღიაობას გავაგრძელებთ, რამეთუ ვფიქრობთ და ვხედავთ, რომ სისტემის რეფორმირების მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი საშუალება არის ეს.

სულ მოკლედ გეტყვით, რომ სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროში თავი მოიყარა მიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის განსაზღვრის გარკვეულმა ნაწილმა, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად. ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა და ამ მიმართულებასთან დაკავშირებით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გვექნება საშუალება, კიდევ ერთხელ, ცალკე წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა და ის გეგმები, რომლების განხორციელებასაც ვაპირებთ 2019 წლის განმავლობაში.

მე უბრალოდ არ დავტვირთე ეს გამოსვლა დამატებითი დეტალებით, რამეთუ მესმის, რომ დღეს, მიუხედავად ფორმატის შესახებ ბევრი დისკუსიებისა, უფრო მნიშვნელოვანია ის აქტუალური საკითხები, რომლებზეც შესაძლებელია, პარლამენტარებს სურდეთ საუბარი. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მართლა მზად ვართ მწვავე კითხვებისთვის და მწვავე დისკუსიებისთვის და არც ერთ შემთხვევაში არ მოგვიძებნია და არ ვეძებთ კომფორტულ პირობებს. თუმცა, ასევე, ვიტოვებთ ჩვენი მხრიდან მწვავე კითხვების დასმის უფლებას. ისიც კარგად გვესმის, რომ დღეს, ამ შემთხვევაში, პასუხის გაცემა არის ჩვენი ვალდებულება და თმენის ვალდებულებაც არის ჩვენი ვალდებულება.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და იმედი გამოვთქვა, რომ გვექნება საშუალება შინაარსობრივად ვიმსჯელოთ თუნდაც მწვავედ და, კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვიცეკვოთ პოლიტიკური ცეკვები კამერების წინ”.

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *