საია: “უნდა შეიქმნას შესაბამისი ფორმატები ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე ცვლილებებზე ეფექტიანი მუშაობისთვის”

გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს მოწყობასა და ფუნქციებთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის დასკვნამ კიდევ ერთელ დაადასტურა მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საჭიროება, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რაზეც მრავალი წელია საია და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს აქტიურად მიუთითებდნენ. ამასთან, ვენეციის კომისიის დასკვნა შეიცავს არაერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას რეფორმების გატარების კონკრეტულ გზებთან დაკავშირებით, რაც ყურადსაღებია სასამართლოსა და პროკურატურაში რეალური ცვლილებების მიღწევისთვის.

განსაკუთრებით საყურადღებოა ვენეციის კომისიის დასკვნის ის ნაწილები, რომლებიც მიუთითებენ პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზირების საჭიროებასა და გზებზე, კერძოდ:

– საჭიროა საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა გახდეს პლურალისტური, მათ შორის, საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა უფრო მძლავრი მონაწილეობით.

– საჭიროა გაიზარდოს საპროკურორო საბჭოს ფუნქციები მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის: საპროკურორო საბჭოს უნდა ჰქონდეს კომპეტენციები ინდივიდუალური პროკურორების კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებზე; გენერალური პროკურორის ანგარიშზე რეაგირების ფუნქცია; ინდივიდუალური პროკურორების გენერალურ პროკურორზე სამსახურებრივი დაქვემდებარების მდგომარეობის დაბალანსების მიზნით საპროკურორო საბჭოს უნდა მიენიჭოს რიგი ფუნქციები.

– მოქმედი კანონმდებლობით, საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთ ფუნქციად განსაზღვრული აქვს პროკურატურის სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, თუმცა კანონი არ ადგენს მექანიზმს, რომლითაც საბჭო ამ ფუნქციის შესრულებას მოახერხებს.

პროკურატურის მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა და ყველა დონის ინდივიდუალური პროკურორის პირდაპირი დაქვემდებარება გენერალურ პროკურორთან, რომელიც ამჟამად მოქმედებს საქართველოში, მთავარ ხაზად გასდევს ვენეციის კომისიის დასკვნას და რამდენიმე თვალსაზრისით არის დაწუნებული კომისიის მიერ. მათ შორის არის ასეთი სისტემის შეუსაბამობა პროკურატურის როგორც გარე, ისე შიდა დამოუკიდებლობასთან. ასევე, აღნიშნულია, რომ პროკურატურის სისტემის არსებული სტრუქტურა ხელშემშლელია ამ სისტემის საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვების საქმეში.

აღნიშნულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თავის საჯარო განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მის მიერ პროკურატურის სისტემაში გამოცხადებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. მაშინ საიამ მოუწოდა შალვა თადუმაძეს პროკურატურის სისტემის სტრუქტურულ ერთეულებში ცვლილებებზე მუშაობა წარემართა უფრო დიდი რეფორმის ფარგლებში, რაც მოემსახურებოდა პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზირების მიზანს, საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფით. პროკურატურის სისტემაში აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგების თაობაზე რაიმე ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებაში ვენეციის კომისიის მოსაზრებები და რეკომენდაციები ასევე ეხება ისეთ საკითხებს, რაზეც საია მრავალი წელია ამახვილებს ყურადღებას თავის განცხადებებსა თუ ანგარიშებში. მათ შორის არის, საჭიროება, რომ საბჭოს ყველა გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული; რომ კანონით დადგინდეს ზოგადი მოთხოვნა საბჭოს სხდომების ღიად გამართვის შესახებ, და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა შეიცავს მითითებებს კომისიის წინა დასკვნებზეც, რაც გასულ წლებში გამოქვეყნდა როგორც პროკურატურის, ისე სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით. ამ კუთხით კომისია ხაზს უსვამს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც რეფორმაზე პასუხისმგებელი უწყებების მიერ არ იქნა გათვალისწინებული და კვლავ მოუწესრიგებელია.

მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების განხორციელებაზე, უზრუნველყონ, რომ სასამართლოს და პროკურატურის სისტემების რეფორმის პროცესი გახდეს უფრო ყოვლისმომცველი, რეალურ გამოწვევებსა და პრობლემებზე ორიენტირებული და დროული.

საია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მუშაობის პროცესში და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას შექმნან შესაბამისი ფორმატები ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე ცვლილებებზე ეფექტიანი მუშაობისთვის, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით.

წყარო: საია

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *