სახალხო დამცველი 16 დეკემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვას და პასუხობს:

მე ვფიქრობ, ოპოზიციისთვის წინასწარ რომ ყოფილიყო გაფრთხილება გაკეთებული, რომ ამ გზით ვერ შევიდოდნენ თელავში და ალტერნატიული გადაადგილების გეგმა თუნდაც წინა დღით შეეთავაზებინათ, ოპოზიცია უფრო დროულად ორგანიზდებოდა და პოლიციას არ მოუწევდა საპროტესტოდ დამუხტული მასის აგრესიის ატანა. ამით უფრო იქნებოდა დაცული გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის უსაფრთხოება. მე პატივს ვცემ ქართულ პოლიციას, მაგრამ ჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა. პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა.

 

მანამდე კი სახალხო დამცველმა შსს-სა და მომიტინგეების მისამართით შემდეგი განცხადება გააკეთა:

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით. აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით. 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *